„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ საქართველომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად პრაქტიკულად არაფერი გააკეთა. ამის შესახებ მან “პირველებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუშ ისაუბრა.
მისი შეფასებით, 11 ივნისის შეხვედრა საქართველოსთვის „ბოლო გაფრთხილების“ ხასიათს ატარებს, ხოლო თუ თბილისი პოზიციას არ შეცვლის, მომავალში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც რეალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს.
იოზვიაკის თქმით, ევროკავშირში იზრდება უკმაყოფილება “ოცნების” ხელისუფლების ქმედებების მიმართ და არსებობს შეშფოთება, რომ ქვეყანა სათანადოდ არ ერთვება დიალოგის პროცესში. მისი განცხადებით, თუ გაფრთხილებებს კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვება, ბრიუსელში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ევროკავშირი უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებას განიხილავს.
“საქართველო შეიძლება იყოს სატესტო შემთხვევა. ევროკავშირის მრავალ წევრ ქვეყანას მართლაც ყელში ამოუვიდა და დაიღალა საქართველოსგან და ქართველი დიპლომატების ქცევისგან. გახსოვთ, რომ უნდა გამართულიყო ეს დიალოგი ადამიანის უფლებების შესახებ? ის არასოდეს შემდგარა და მათ ევროკავშირში ნამდვილად შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი ამის გამო. ასე რომ, გარკვეული გაგებით, ეს ხდება. ყველაფერი გროვდება, იცით, და რაღაც მომენტში, იქნება ბოლო წვეთი, რომელიც მოთმინების ფიალას აავსებს. მათ სურთ, ქართველებმა რეალურად გააცნობიერონ, რომ ეს შეიძლება სერიოზული იყოს, – ამბობს იოზვიაკი. “
რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან როგორც სავიზო და მიგრაციულ, ისე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე პროგრესს კვლავ ვერ ხედავს. მისი შეფასებით, თუ ვითარება არ შეიცვალა, შემოდგომისთვის ბრიუსელში შესაძლოა დღის წესრიგში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების საკითხი უფრო რეალისტურ ალტერნატივად განიხილონ, ვიდრე უვიზო რეჟიმის შეჩერება.
ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს.
