დედა, რომლის შვილიც ვერაზე სიცილის გამო მოკლეს, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს. ქალი საგამოძიებო უწყებას კონკრეტულ კითხვას უსვამს, რატომ იმყოფება მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე უკვე ოთხი თვეა პენიტენციურის სამკურნალო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა დასრულებულია.
ნიკოლოზ ღუნაშვილის დედის განცხადებით, მან შესაბამის უწყებას წერილობით მიმართა, თუმცა მიღებულ პასუხში ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის მიზეზი განმარტებული არ არის.
„მინდა, მივმართო შესაბამის უწყებებს: მე ვარ დედა, რომელსაც 17 წლის არასრულწლოვანი შვილი სიცილის გამო მომიკლეს! როგორც დაზარალებულ მხარეს, მაქვს თუ არა უფლება, მივიღო ქვემოთ აღნიშნულ საკითხზე განმარტება?!
ჩემი შვილის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე დაკავებიდან დღემდე იმყოფება #18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. „რეზბალნიცაზე“, რაც ჩემთვის მიუღებელი და გაურკვეველია!
ოფიციალური წერილით მივმართე საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვე განმარტება, თუ რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა ექსტეპრტიზის დასრულების შემდეგაც. სამწუხაროდ, მათგან მიღებულ ოფიციალურ წერილში კონკრეტული ახსნა-განმარტება არ მაქვს, მივიღე მხოლოდ ფორმალური და არაფრისმთქმელი წერილი.
მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე არ ვითხოვ ბრალდებულის პერსონალურ ინფორმაციას. ვითხოვ, მივიღო პასუხი , თუ რა მიზეზით იმყოფება 4 თვის განმავლობაში, ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ.„რეზბალნიცაზე“, თითი „სტკივა“?, – წერს ქალი სოციალურ ქსელში.
ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი კლინიკაში წარუდგინეს. პროკურატურა მას განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება.
გამოძიების ვერსიით, კაპანაძეს ოთხ ახალგაზრდასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაციის დროს ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართაც სცადა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუმცა პოლიციელებმა მისი განიარაღება შეძლეს. წარდგენილი ბრალდებები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



