პრემიერი ირაკლი კობახიძე მერაბ დვალიშვილის და საბა ლაზიშვილის გათავისუფლების საქმეში მადლობას მინისტრებს – მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს უხდის.
ის მადლობს საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისთვის.
„როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ – ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა თავს. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.



