განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, მომდევნო წლებში სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებსაც ექნებათ.
ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა.
„სასკოლო ფორმას აქვს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სოციალური და კულტურული მნიშვნელობა. ის ხელს უწყობს დისციპლინისა და სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, ამცირებს სოციალურ განსხვავებას. მშობლებისთვის ხშირად ამცირებს ყოველდღიურ ხარჯებს. იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია საკმაოდ დიდ მოცულობაზე, 1 800 000 ტანსაცმლის ერთეულის შესყიდვა- მოწოდებაზე, ეს პროცესი დაიგეგმა ეტაპობრივად. ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით. ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელები იქნებიან უზრუნველყოფილები. ჩვენ სკოლაში ფორმას არ ვაბრუნებთ, სკოლაში ფორმის კულტურა შემოგვაქვს. თაობები ისე გაიზარდნენ, რომ იცოდნენ ფორმა იყო კერძო სკოლებში დამკვიდრებული.
საზოგადოებაში ისმის შეკითხვა რატომ მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასებში და რატომ არა ზედა კლასებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯერ დავიწყოთ სკოლის ფორმის კულტურის დამკვიდრება ქვედა კლასებში და ყოველწლიურად თითო კლასი დავამატოთ“,- განაცხადა მიქანაძემ.
