მეცნიერებმა ტატუს მელანი შექმნეს, რომლის განათებაც “ჩართვა-გამორთვით” არის შესაძლებელი. ტექნოლოგია, PhotoTat აშშ-ში, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს, რომელიც საშუალებას იძლევა, ტატუმ ფერი შეიცვალოს ან, თითქმის, უხილავი გახდეს.
კვლევა ჟურნალ Matter & Light-ში გამოქვეყნდა.
გამოცემის შეფასებით, მომავალში ეს ტექნოლოგია შესაძლოა, არა მხოლოდ ტატუს მოყვარულთათვის, არამედ იმ პაციენტებისთვისაც გახდეს სასარგებლო, რომლებსაც კანზე სამედიცინო ნიშნები სჭირდებათ.
ტექნოლოგია ფოტოქრომულ საღებარებზე არის დაფუძნებული. ეს არის ნივთიერება, რომელიც სინათლის კონკრეტული სიგრძის ტალღის ზემოქმედებისას ფერს იცვლის.
ჩვეულებრივი განათების პირობებში საღებავები პრაქტიკულად, უფეროა, მაგრამ 365 ნანომეტრის ტალღის სიგრძის ულტრაიისფერი სინათლის ზემოქმედებისას ისინი მდიდარ ელფერს იძენენ. პიგმენტების გასააქტიურებლად ან გასათიშად, დაახლოებით, ორიდან სამ წამამდე მკვეთრი სინათლე არის საკმარისი.
სამი საღებავი ლურჯ, მეწამულ და ყვითელ ფერებს წარმოქმნის. მათი სხვადასხვა პროპორციით შერევით მეცნიერებმა 16 განსხვავებული ფერისა და, მინიმუმ, 300 ელფერის მიღება შეძლეს. სურათები ულტრაიისფერი სინათლის მაშუქებელი ტრაფარეტებისა და ლაზერული პროექტორის გამოყენებით შეიქმნა, ხოლო ექსპერიმენტები სილიკონის მოდელებსა და ღორის კანის ნიმუშებზე ტარდებოდა. დამატებითი ზემოქმედების გარეშე პიგმენტები რამდენიმე საათის განმავლობაში თანდათან ქრება, ხოლო მკვეთრი ხილული სინათლე ამ პროცესს აჩქარებს, რის შედეგადაც სურათი უხილავი ხდება.
გამოგონებამ ადამიანზე საწყისი ტესტირება უკვე გაიარა. კერძოდ, ავტორმა, კარსონ ბრუნსმა PhotoTat-ის ტატუ ფერადი ქერცლის გამოსახულებით ფეხებზე გაიკეთა. მკვლევარების თქმით, 1.4–2.2 წლის შემდეგ საღებავები კვლავ რეაგირებდნენ სინათლეზე და საშუალებას იძლეოდნენ, სურათი შეცვლილიყო. მეცნიერებს რაიმე შესამჩნევი გაფერმკრთალება ან ცნობილი გვერდითი მოვლენები არ დაუფიქსირებიათ. თუმცა ერთი ადამიანის გამოცდილება არ იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ ტექნოლოგია ფართო საზოგადოებისთვის უსაფრთხოა.



