ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ფიზიკურად გაცილებით მეტი პოლიციელი ძალადობდა, ვიდრე დაკავებულები არიან.
მისი თქმით, 6 სამართალდამცავის დაკავება საკმარისი არ არის, მას მიაჩნია, რომ მუხლის კვალიფიკაციაც უნდა შეცვლას და გამოძიება წამების მუხლით დაიწყოს.
„ეს ის მუხლი არ არის, რა მუხლითაც უნდა დაეკავებინათ ეს პირები, აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს და ბრალდება წამების მუხლით უნდა წაუყენონ, რადგან სამ სხვადასხვა ეპიზოდზე სცემდნენ და აწამებდნენ პაპუნას. მას ფიზიკური დაზიანებები – ნეკნი ჩამტვრეული, ასევე სხვადასხვა, მრავლობითი დაზიანებები აქვს. ჩვენ ვითხოვთ, შეწყდეს პაპუნას მიმართ გამოძიება, რადგან ის არის დაზარალებული და წამების მსხვერპლია. რაც შეეხება დაკავებულებს, იქ 10-მდე პირი ძალადობდა, 6 ადამიანი არაა საკმარისი, რომ დასაჯონ, რადგან ერთის მხრივ, მუხლი არასწორია, მეორეს მხრივ, ყველა პირი დასჯილი არაა“, – აცხადებს ტყეშელაძე.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი.
