ამერიკამ ქვეყნიდან დეპორტირებულები ცენტრალურ აფრიკაში ჩაიყვანა, მათ შორის ქართველებიც არიან – მედია

დღის სიახლეები უცხოეთი

აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს და ყველაზე პრობლემურ ქვეყანაში, რამდენიმე მიგრანტის დეპორტაცია მოახდინა სადავო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, დეპორტირება გაუკეთოს იმ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება.

თვითმფრინავში, რომელიც ლუიზიანადან ხუთშაბათს საღამოს აფრინდა, დაახლოებით ორი ათეული მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ირანელი პრო-დემოკრატი აქტივისტი. მისი ადვოკატის თქმით, თვითმფრინავი პარასკევს ბანგიში დაეშვა.

ირან-ამერიკის სამართლებრივი დაცვის ფონდის დროებითი აღმასრულებელი დირექტორის, ალი რაჰნამას თქმით, რეისზე სხვა მიგრანტებს შორის იყვნენ იორდანიის, სომხეთის, თურქეთის, საქართველოს და ავღანეთის მოქალაქეები.

ICE-ის ფრენის მონიტორინგის მონაცემებით, დეპორტირებული მიგრანტების თვითმფრინავი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში, ადგილობრივი დროით, 22:00 საათისთვის (21:00 GMT) დაეშვა, განას აკრაში დაშვების შემდეგ.

დეპორტირებული პირების განთავსების, ან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მათი ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ დეტალები არ არის მოცემული.

აშშ-ის საელჩოსთან დაახლოებულმა წყარომ Associated Press-ს განუცხადა, რომ ზოგიერთი მიგრანტი დროებით იყო განთავსებული ბანგიში, მშენებარე საელჩოს კომპლექსთან ახლოს მდებარე სახანძრო ბრიგადის ბაზაზე. სხვები სხვა ადგილებში გადაიყვანეს.

წყაროს ცნობით, ჩასვლისთანავე, მამაკაცები და ქალები დააშორეს.

დეპორტირებული ირანელი აქტივისტის ადვოკატმა ემილი ტროსტლმა განაცხადა, რომ „ეს პირები შეერთებული შტატებიდან გააძევეს და მიატოვეს ქვეყანაში, სადაც მათ არ აქვთ სტატუსი, კავშირები ან მხარდაჭერა. ჩვენ გვეშინია, რომ საბოლოოდ ისინი იძულებულნი იქნებიან დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც თავდაპირველად გაიქცნენ“.
ტროსტლმა განაცხადა, რომ სამ ირანელ ქალს, რომლებიც სამშობლოში დევნას გაურბოდნენ, დეპორტაცია ემუქრება, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ ერთი მოათავსეს სადეპორტაციო რეისზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *