ადვოკატის მიერ ლაითურის ციხეში პოლიციის გამოძახებისა და ფაქტით ჟურნალისტების დაინტერესების შემდეგ, დარეჯან სულაშვილს მსჯავრდებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის დროს გაკეთებული ჩანაწერების ციხეთა სისტემიდან გატანის უფლება მისცეს.
ინფორმაციას Facebook live-ში მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის დედა ადასტურებს.
“არ ვიცი, რისი დამსახურებით, ან როგორ მოხდა ასეთი რამ, მაგრამ იკადრეს და დაკითხვის ოქმი გამოატანეს დარეჯან [სულაშვილს]. მან გენერალურ ინსპექციაშიც დარეკა, მე ლაივში ჩავერთე, ტელევიზიებსაც მივმართე – მოხდა საოცრება. ადგილზეა პატრულიც”- აცხადებს ირმა დავითაძემ.
ცნობისთვის, ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა – საუბარია გელა ისაშვილზე.
დარეჯან სულაშვილი მსჯავრდებულთან, შეხვედრაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა როგორც იურისტმა “პირველებს” უთხრა, ისაშვილთან გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის უფლებას ციხის თანამშრომლები არ აძლევდნენ.
ამის შემდეგ სულაშვილმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
გელა ისაშვილმა გიორგი დავითაძის საქმეზე განაცხადა, რომ ციხის თანამშრომლები დადიოდნენ და გიორგი დავითაძეს აგინებდნენ, ხომ მაინც გაგაუპატიურეთო – ჩანაწერი, რომელშიც პატიმარი გელა ისაშვილი მასზე ძალადობაზე საუბრობს, TV პირველმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
კაცი ამბობდა, რომ მას შემდეგ რაც დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა, სცემეს და დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს.
თავის მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სიცრუეა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა პატიმარ გელა ისაშვილზე იძალადეს.
“დეესკალაციის ოთახში ჩამიყვანეს, მთელი დღის განმავლობაში ბორკილი ბოლომდე მქონდა გაჭერილი, სისხლები მდიოდა“, – ამბობს ის.
ტვ პირველი



