ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა. კერძოდ, “საკანონმდებლო მაცნეზე” გამოქვეყნებული დადგენილება საქართველო-აზერბაიჯანს შორის 18 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლას ითვალისწინებს. დადგენილება 15 ივლისით თარიღდება.
დოკუმენტის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს აზერბაიჯანულ მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს შეთანხმების დადების შესახებ.
2026 წლის 18 მაისს საქართველომ და აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის მოწოდების 20- წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, ასევე შეთანხმება გაფორმდა საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების და ტრანზიტის შესახებაც.
შესაბამისი შეთანხმებები ირაკლი კობახიძის ბაქოში ვიზიტის დროს 18 მაისს გაფორმდა.
ხელმოწერილი შეთანხმებები მოიცავს: საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას; საერთაშორისო ბაზრებზე აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების ტრანზიტის გაგრძელების თაობაზე; საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელია. 2025 წელს აზერბაიჯანის წილი (ყველა წყაროდან) საქართველოს ბუნებრივი აირის სისტემაში 72.1%-ს შეადგენდა, რაც 2.28 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენდა.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
