თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს – მესმის, რომ როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ადმინისტრაციული წესით 30-დღიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვახო სანაიას მის გამო არ აპატიმრებენ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფის ადრესატი პოსტფაქტუმ იგებს, როგორც შეურაცხყოფის, ისე სასჯელის გამოყენების შესახებ ინფორმაციას.
„ჩემს გამო არა და მე არ ვადევნებ ამას თვალყურს. ჩვენ შევქმენით საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას არ ჰქონდეს ადგილი და შსს-ში არის სპეციალური განყოფილება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ისე, რომ როდესაც ასე გადაწყვეტილებები დგება ხოლმე, ადრესატებმა არც იციან ხოლმე ხშირად და პოსტფაქტუმ იგებენ, რომ მათთან კავშირში იყო ის შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში. მე ამიტომ ნაკლებად ვინტერესდები კონკრეტული საქმეებით, მე ერთადერთი კონკრეტული საქმით ვარ დაინტერესებული – ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა რომ არის გერმანიაში სოცმედიაში შეურაცხყოფის გამო. ეს საქმე მაინტერესებს და მივადევნებ თვალყურს და ასევე, საინტერესოა გერმანიის კანცლერის მიერ შეტანილი საჩივარი, სადაც მან პირადად შეიტანა საჩივარი სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენთან სხვანაირად არის სისტემა.
ეს რამე ახალი კი არ არის, ათწლეულებია ეს პრინციპი მოქმედებს, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა არის დაუშვებელი. მგონი, ეს მინიმალური სტანდარტია, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს. ადამიანურადაც ასეა და კანონმდებლობითაც ასეა. სიძულვილს ვინც აქეზებს, კი ვნახეთ ჩვენ ევროკავშირის ელჩი, როგორ ცეკვავდა სიძულვილის გამავრცელებელი ხალხის დაკრულზე. ასე რომ, მესმის, როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს და აჩვენოს, რომ მას მეტი სიძულვილის გამოხატვა შეუძლია, ვიდრე სხვას. მოაწონონ თავი ევროკავშირის ელჩს თუ უნდათ, საქართველოს კანონმდებლობით ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული ადმინისტრაციული სასჯელით, რომელიც სოციალურ გამოქვეყნებული პოსტების გამო დგება, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ შედეგად უხამსობა შემცირდა.



