ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ბალეარის კუნძულებზე ძლიერი შტორმი „დანა ადამი“ მძვინვარებს. ორი ადამიანი უკვე გახდა სტიქიის მსხვერპლი: ბარსელონასა და ვალენსიაში წყალმა ორი ქალი წაიღო.
ვალენსიისა და ალიკანტეს რეგიონებში, წყალდიდობისა და მდინარეების ადიდების რისკის გამო, საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა – დღეში კვადრატულ მეტრზე 300 ლიტრზე მეტი ნალექი შეიძლება მოვიდეს.
ვალენსიის, ალიკანტესა და ბალეარის კუნძულების რიგ მუნიციპალიტეტებში ამინდის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. იბიცასა და მაიორკაზე, შესაძლო წყალდიდობის ზონებიდან პრევენციული ევაკუაცია ხორციელდება, სამაშველო სამსახურების მუშაობაში სამხედრო დანაყოფები არიან ჩართულნი.



