რუსმა მკვლევრებმა შავ ზღვაში, ახალი ათონის სანაპიროსთან, ოკუპირებულ აფხაზეთში, შავ ზღვაში ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელია – წერს რუსული მედია.
გემის სახელწოდება, მისი დანიშნულება და ჩაძირვის მიზეზი ჯერ კიდევ დასადგენია. გემზე რუსეთის იმპერიის გერბიანი ჭურჭელი იპოვეს.
ე.წ. ელჩმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ექსპედიციას რუსი სპეციალისტები ატარებენ მათი აფხაზი კოლეგების მოწვევით.
“პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთის იმპერიის ორი გემი აფხაზეთის წყლებში ჩაიძირა” – აცხადებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი ვიქტორ ლებედინსკი.
„რამდენიმე წლის წინ, ჩვენ გამოვიკვლიეთ გემი, რომელიც ახალი ათონის გარე რეიდზე ჩაიძირა. ეს იყო კარგად შემონახული სატვირთო და სამგზავრო გემი, რომელიც, ნაწილობრივ, სამხედრო მიზნებისთვის იყო მობილიზებული“ – ამბობს ვიქტორ ლებედინსკი.
ისტორიკოსმა დასძინა, რომ ზღვის ფსკერზე მდგომი გემი თითქმის ხელუხლებელია, თუმცა აღწერილობიდან ჩანს, რომ ის ძლიერ დაზიანებული უნდა იყოს – დოკუმენტების თანახმად, ის ტორპედოს დარტყმის შემდეგ ჩაიძირა.
რუსი სპეციალისტები აპირებენ ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო კვლევების გაფართოებას და ამ სამუშაოებში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას.


