ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ უპასუხა შეკითხვას, რამდენად სამართლიანია, როდესაც პენსია 20 ლარით იზრდება და დეპუტატის ხელფასი 1000 ლარით.
მისი თქმით, როგორც პენსია, ისე ხელფასი არსებული კანონმდებლობის მიხედვით არის დათვლილი.
„სამართლიანობის ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა, რომ იყოს. თუმცა, ჩვენ დღეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დავიწყეთ. პირველადი ბიუჯეტი მომზადებულია იმ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყანაში არსებობს – ეს მოიცავს როგორც პენსიების, ისე ხელფასების ინდექსაციის ნაწილს.
დანარჩენ შემთხვევაში, სწორედ ამიტომ ტარდება საპარლამენტო განხილვები და სწორედ ამიტომ არსებობს ბიუჯეტის ფორმირების ორთვიანი პერიოდი, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის იმ მაჩვენებლებს, რაც თითოეული მიმართულებით უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


