ქალმა აეროპორტის საპირფარეშოში იმშობიარა, სხვადასხვა ვერსიით, ბავშვი დაახრჩო და თავადაც გარდაიცვალა – მედია

დღის სიახლეები უცხოეთი

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში 30 წლის ქალმა ტერმინალის საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც დედაც და ახალშობილიც გარდაიცვალნენ. მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ინციდენტის გარემოებებს იძიებს.

არსებული ინფორმაციით, ნატალია 11 წლის ქალიშვილთან და 38 წლის პარტნიორ დიმიტრისთან ერთად, თურქეთში შვებულებიდან ბრუნდებოდა. მოსკოვში დაშვების შემდეგ, ის აეროპორტის საპირფარეშოში შევიდა, სადაც მას მშობიარობა დაეწყო.

სხვა მგზავრებმა კივილი და ხმაური გაიგეს. როდესაც იატაკზე სისხლი გამოჩნდა, აეროპორტის პერსონალი დაუყოვნებლივ გამოიძახეს. შერემეტიევოს მორიგე სამედიცინო პერსონალმა პირველადი დახმარების გაწევა სცადა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს.

როდესაც პარამედიკოსები მივიდნენ, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი ცხედარი სასამართლო ექსპერტიზაზე გადაასვენეს, რათა დადგინდეს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი – ბავშვი მკვდრად დაიბადა თუ სხვა მიზეზით გარდაიცვალა.

ნატალია თავად სასწრაფოდ გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მთელი ეს პროცესი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ქალმა კრიტიკული რაოდენობის სისხლი დაკარგა და გარდაიცვალა.

რეპორტიორებთან ინტერვიუში დიმიტრიმ განაცხადა, რომ პარტნიორის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა, შოკში იყო და ბოლომდე ვერ ხვდებოდა, რა მოხდა. ის დარწმუნებულია, რომ ნატალიას ბავშვისთვის ზიანის მიყენება არ შეეძლო.

სამედიცინო წყაროს ცნობით, ქალი ორსულობის გვიან სტადიაზე იყო – სულ მცირე შვიდი თვის. ზუსტ დეტალებს სასამართლო ექსპერტიზა დაადგენს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი, ანტალიიდან ჩამოსულმა ქალმა C ტერმინალის საპირფარეშოში იმშობიარა, ბავშვი დაახრჩო და მალევე თავადაც გარდაიცვალა.

ამის შესახებ იტყობინება Izvestia და Telegram-არხ „Baza“.

წყაროების ცნობით, მგზავრს დაშვებისთანავე მშობიარობა დაეწყო. მან ბიჭი გააჩინა, ბავშვს სუნთქვა ტუალეტის ქაღალდით გადაუკეტა და ცხედარი ნაგვის ურნაში ჩააგდო. გამვლელებმა, რომლებმაც სისხლი შენიშნეს და კივილი გაიგეს, დახმარება სცადეს, მაგრამ ქალმა კარის გაღებაზე უარი თქვა.

მედიკოსები მივიდნენ და ქალი საშვილოსნოდან სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს; ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *