დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სასულიერო პირი განმარტავს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღიარებაზე რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის წლების განმავლობაში იყო დიალოგი, შეხვედრებიც და პრობლემის მოგვარების სურვილის საჯარო გამოხატვაც, მაგრამ კვლავ საქართველოს ეკლესიის მიღმა იმყოფება აფხაზეთიც და ცხინვალიც.
მაღალი იერარქის თქმით, ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს.
მეუფე ზენონი ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიისთვის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღიარება არა იმდენად კანონიკური წესრიგის ერთგულების გამოხატულებაა, რამდენადაც საკუთარი ინტერესების დაცვისა და საქართველოზე ზემოქმედების საშუალება.
“ყოველივე ზემოთქმულს ერთ დასკვნამდე მივყავართ: მოსკოვისთვის საქართველოს ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ფორმალური აღიარება პრინციპი კი არა, ინსტრუმენტია. ის შენარჩუნებულია იმდენად, რამდენადაც მოსკოვის ინტერესებს ემსახურება და ნებისმიერ დროს შეიძლება ზეწოლის საშუალებად იქცეს”, – წერს მეუფე ზენონი.


