კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება, მევენახეებმა რამდენიმე ადგილას გზა გადაკეტეს – “კახეთის ხმისა” და “ტვ პირველის” ინფორმაციით, ფერმერებმა ყვარელი-ლაგოდეხის გზა და ასევე სოფელ ველისციხეში არსებული გზა გადაკეტეს.
მევენახეები აცხადებენ, რომ დაშლას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე ყურძნის ჩაბარების ფასზე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ყურძენს მინიმუმ 90 თეთრად არ ჩაიბარებენ.
მევენახეების ნაწილი უკვე ერთი ღამე ყურძნით დატვირთულ ავტომობილებში გაათენა. მათი მთავარი მოთხოვნაა, ღვინის ქარხნებმა მოსავალი ადეკვატურ ფასად ჩაიბარონ.
პროტესტის ადგილზე პოლიციის მობილიზებაა. ადგილზე ვითარებას სამართალდამცველები აკვირდებიან. მევენახეების უკმაყოფილება ყურძნის ჩაბარების ფასსა და შაქრიანობის მიხედვით დიფერენცირებულ ტარიფებს უკავშირდება.
მევენახეების პროტესტი 21 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაიწყო. ისინი ყურძნის ჩაბარების პირობებს და შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრული ტარიფებს აპროტესტებენ. საქმე ის არის, რომ სახელმწიფოს განცხადებული პოლიტიკით, 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი ქარხნები დაბალ ფასად იბარებენ, ახალსოფელში გამოსული მევენახეები კი აცხადებენ, რომ ქარხნები მათ 1 კგ ყურძენში 30 თეთრს უხდიან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ყველა მევენახეს ექნება. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
საფერავი:
- კონდიციური და დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 21%) – 1.50 ლარი;
- არაკონდიციური (შაქრიანობა 17%-დან 21%-მდე ან/და ნაწილობრივ დაზიანებული) – 0.90 ლარი;
- 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული – 0.30 ლარი.
სხვა ჯიშები:
- დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 20%) – 1.30 ლარი;
- შაქრიანობა 17%-დან 20%-მდე – 0.80 ლარი;
- 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი – 0.30 ლარი.
bm.ge
მევენახეებმა კახეთში გზა, რამდენიმე ადგილას გადაკეტეს
