განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა.
მმართველი პარტიის სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრის პერიოდისთვის მიიღოს, რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, მხოლოდ, ერთი კონკრეტული პარტია ემატება. პარტიაში იმედი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება ამ საკითხის განსახილველად.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, გახარიას პარტია არის “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” ოჯახის პარტნიორი.
მახაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” გახარიას პარტიის დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას არ ითხოვს.
“ჩვენი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ გახარიას პარტია არის “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” ოჯახის პარტნიორი, ყველაფერი დანარჩენი არის მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგია. საზოგადოებამაც ნახა, რომ წლიდან წლამდე იცვლებოდა სახელები, ნომრები და ა.შ., მაგრამ ერთიანი მთავარი მიზანი არ იცვლებოდა – ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერ ფასად. ამ პარტიას პარლამენტში შემოსვლამდეც და შემოსვლის მერეც არ შეუცვლია თავისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, არჩევნების მიმართ და ზოგადად, კონსტიტუციური წეს-წყობილების მიმართ. ეს არის ამოსავალი წერტილი.
ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრის პერიოდისთვის მიიღოს იმის გამო, რომ სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, უბრალოდ, ერთი კონკრეტული პარტია ემატება. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ დასჭირდება დამატებით კიდევ დრო ამ საკითხის განსახილველად, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია. საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, კონკრეტულად, რას, როდის და რანაირად იზამს,” – განაცხადა მახაშვილმა.
“ქართულ ოცნებას” უპასუხეს პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“, რომელიც ამ პროცესს პოლიტიკურ დევნად აფასებს. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და სარჩელის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებაა.
“პოლიტიკური ოპონენტის და პოლიტიკური პარტიის დევნისთვის დაწერილი ეს სარჩელი არის არაკონსტიტუციური. ამ სარჩელში ვერ იქნება ვერაფერი სამართლებრივი არგუმენტი ჩვენს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ როგორც კანონის წინაშე, ისე ხალხის წინაშე. რაიმე ლოგიკურ და არგუმენტირებულ ქმედებას, რა თქმა უნდა, მათგან არ ველოდებით, ამიტომ ლოგიკური და არგუმენტირებული მოლოდინის ანალიზი ამას არ უკეთდება იქიდან გამომდინარე, რომ არიან კონსტიტუციის ჩარჩოებიდან სრულიად გასული. ეს მხოლოდ და მხოლოდ მეტყველეს მათ შიშზე, იმ შიშზე, რომ ქართველი ხალხი კარგად ხედავს უკვე ყოველდღიურად მათ სახეს, – ამბობს ვიკა ფილფანი.
პარტიის კიდევ ერთი წევრი გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ სარჩელს ჯერ არ გაცნობიან. თუმცა, მისი თქმით, პარტიას კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებული აქვს და წარმოდგენილია როგორც პარლამენტში, ისე საკრებულოებში. მისი შეფასებით, სარჩელი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური ხასიათისაა.
“ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი ჩაახშოს. ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი ამ სარჩელში წაროადგენილი ვერ იქნება ჩვენს არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ჩვენს პარტიას ყველა კანონით და ჩვენი მოქალაქეებს წინაშე ყველანაირი ვალდებულება შესრულებული აქვს. ჩვენი პარტია, იცით, რომ წარმოდგენილია პარლამენტში, წარმოდგენილია საკრებულეობში, შესაბამისად, ეს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სარჩელია და პოლიტიკური სარჩელი, რომელიც განკუთვნილია პოლიტიკური პარტიის და ოპონენტების განადგურებაზე, თავად არის არაკონსტიტუციური, – ამბობს გიორგი ჭანტურია.
რაც შეეხება საპარლამენტო მანდატების საკითხს, “ქართულ ოცნებაში” ოპონენტებს პასუხობენ, რომ მანდატებს საფრთხე არ ემუქრება. დეპუტატი ირაკლი ჭეიშცვილი ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ეს იყო მანიპულაცია, თითქოს, გახარიას ფრაქციის წევრების მანდატებს საფრთხე ემუქრებოდეს.
“არ ემუქრება, ჩვენ აღნიშნული სარჩელი არ შეგვაქვს. 1 წლის წინ საშუალება მივეცით, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ და ემუშავათ. ამის შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობაში ერთვებოდე და არ აღიარებდე არჩევნების შედეგებს, ხელისუფლების ლეგიტიმაციას, კონსტიტუციურ წყობას და თავიდან ბოლომდე იზიარებდე “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს, ეს არის საფუძველი იმისა, რომ სამომავლოდ ასაკრძალ სიაში გახარიას პარტიას ვარეგისტრირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება მანდატებს, არც ერთ შემთხვევაში არ შეუჩერდებათ საქართველოს პარლამენტში შემოსულ გახარიას პარტიის დეპუტატებს მუშაობის უფლება,” – განაცხადა ჭეიშვილმა.
პროცესს აფასებს კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა. მამუკა ხაზარაძის პარტიაში ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ თავად შემოიღო ცხრათვიანი ვადები. შესაბამისად, მათ რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდეთ, ეს ვადა ზაფხულში უკვე გავიდა და პარტიები აკრძალული იქნებოდა.
“ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, პარტიების აკრძალვა, პირველ რიგში, მისთვის იქნება ყველზე დიდი დარტყმა.
„დღეს [სიას] გახარიას პარტია დაამატეს, რამდენიმე თვის წინ სხვა პარტია, ხვალ კიდევ სხვას დაამატებენ. ასე იქნება მანამ, ვიდრე ივანიშვილი არ მიიღებს გადაწყვეტილებას.
თავად შემოიღეს ცხრათვიანი ვადები. მათ რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდეთ, ეს ვადა ზაფხულში გავიდა უკვე და პარტიები აკრძალული იქნებოდა.
„ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგად უწყიან, თუ რას ნიშნავს პარტიების აკრძალვა. ეს მხოლოდ დემოკრატიაზე დარტყმა არაა, ეს არის დარტყმა პირველ რიგში „ქართულ ოცნებაზე“, ამისთვის ისინი პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან. ეს ფასი გამოიხატება, მათ შორის, უმძიმეს პერსონალურ სანქციებში ივანიშვილის წინააღმდეგ.
სხვა დანარჩენი, იმაზე საუბარი, რომ სთხოვენ სასამართლოს ვადებში ჩატევას, არის ძალიან დიდი ბაქი-ბუქი.
„ქართული ოცნება“ უკვე ერთი წელია გვპირდება პარტიების გაუქმებას, მაგრამ იციან, რომ ეს არის ძალიან სახიფათო თამაშია“, – განაცხადა სიორიძემ.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
