“არ ვიცი, ეს პოსტი მივა თუ არა შს მინისტრამდე ან გენპროკურორამდე, რადგან ჩივილის თავი და ნერვები არ მაქვს” – ფეისბუქმომხმარებელი თაღლითური სქემის შესახებ წერს

დღის სიახლეები საზოგადოება

“ფეისბუქის” მომხმარებელი, რიგითი მოქალაქე თაღლითური სქემის შესახებ წერს, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

“აგერ ჩემი პოსტები, ვერსად პოლიციის საწინააღმდეგო ერთ სიტყვასაც ვერ ნახავთ, პირიქით, მუდამ ქება-დიდება.

–მაგრამ მე, 67 წლის კაცს, გუშინწინ ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში დღე დამაწიეს, არ ვუსურვებ არავის!

–შუამთის ქუჩა 24-ში მდებარეობს, თუ არ ვცდები.

–საქმე რაშია:

–ყოფილა ასეთი თაღლითური სქემა და მოგიყვებით, რომ თქვენც არ დაგემართოთ:

–მანქანის მფლობელი ზეპირი შეთანხმებით, გაუფორმებლად, “პოსლეზე,” რაც სრულიად კანონიერია, მიჰყიდის თავის ტრანსპორტს მეორე აფერისტს, რომელმაც ფული ვითომ უნდა გადაუხადოს გარკვეული დროის შემდეგ, ის კი ამის შემდეგ ეძებს მას, ვისაც მოატყუებს, ანუ იმ საბაბით, რომ ბიზნესი აქვს და ფული სჭირდება, საერთო ნაცნობის, ასევე აფერისტის, საშუალებით გიკავშირდება და ფულის სანაცვლოდ გიტოვებს გაუფორმებელ მანქანას, რასაც ხვალ, ან ზეგ, ან მერე გადმოგიფორმებს და შენც ენდობი, რადგან მეზობელი, ახლობელი დგება თავდებში, ხოლო თუ თანხა ვერ დაგიბრუნა მოთხოვნისთანავე, ვიმეორებ, მოთხოვნისთანავე, მანქანას გიტოვებს, ესაა ზეპირი შეთანხმება.

–მერე ეს მსესხებელი ქრება, ეუბნება პირველ, მანქანის მფლობელ აფერისტს, რომ მანქანა ჰყავს ამ და ამ კაცს, რომელთანაც მიდის პატრონი და ითხოვს მანქანას.

–რა თქმა უნდა, მას აღნიშნულ მანქანას არავინ აძლევს, ის კი ჩივის პოლიციაში, სადაც ჰყავს ახლობლები, ალბათ, მტკიცების ფორმით არ ვამბობ, ვინც მერე ზეწოლას ახდენს ფულის მიმცემზე და ეს შემემთხვა მე გუშინ, ანუ ძალიან ახლობელ ადამიანს მივაცემინე ფული, 9 ათასი დოლარი, რისი პასუხიმგებელიც, რა თქმა უნდა, მე ვარ.

–გამომძიებელი, ვინმე ირინა ქარდავა, რომელმაც უკვე მეორედ დამიბარა, გაუგონარ ზეწოლას ახდენდა ჩემზე, მაგრამ ამას ვერ დავამტკიცებ, რადგან რომ მივუთითე, აქეთ-იქიდან რომ შემომწყვნენ პოლიციელები, ერთი ქალი იყო, სიტყვის თქმის საშუალება არ მომცეს.

–ისეთ სიტუაციაში ჩამაგდეს, ჩემი თავი შემეცოდა, ვგრძნობდი, რომ წნევა ცაში გაფრინდა.

–რაღაც ფურცელი მომაწოდეს, მოწმის უფლება-მოვალეობის თაობაზე, მაგრამ ვერ წავიკითხე, ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს. ვთხოვე, მოეცათ და სახლში წავიკითხავდი, მერე მივიდოდი და ხელს მოვაწერდი.

–კატეგორიული უარი მითხრეს და ისე გამომიშვეს, არაფერზე ხელი არ მომაწერინეს.

–ახლა ისიც მეეჭვება, კანონიერად დამიბარეს თუ არა, რადგან არც რაიმე ფურცელი გამომიგზავნეს სახლში, დარეკვით კი დაარეკვინეს ერთ რუსთაველ პოლიციელს, ვინც მათთან მუშაობს.

–რასაც დავაკვირდი ეს არის დაზარალებულზე ზეწოლა და არა თაღლითთა ჯგუფზე.

–მე ორჯერ გამომიძახეს, თაღლითები კი, არ ვიცი და როგორც გავიგე, თუ არ ვცდები, ფულის მსესხებელი თაღლითი გამოძიების პროცესში საზღვარგარეთ, კერძოდ, საბერძნეთში “გაეპარათ.”

–ვთხოვ, დაგვაპირისპირე-მეთქი, მაგრამ არ შეიძლებაო.

–ყველაფერს აკეთებენ, რასაც ითხოვს მანქანის მფლობელი, მე კი უნდა გადავიხადო ამხელა ფული.

–როგორც პირველ დაბარებაზე გამომძიებელმა ირინამ მითხრა, ეს იყო რომელიღაც პროკურორის თხოვნა, ანუ მანქანის დაბრუნება, ქალი პროკურორის, თორემ მე რა ვიცი, ის რომ ქალია?

–ვისაც აქვს ამის უფლება, გადაამოწმოს ჩემი სიტყვების სისწორე, რომ ზედამხედველი პროკურორი ქალია, რაც მე არ უნდა მცოდნოდა, რომ არ ეთქვა ირინა ქარდავას ამ პროკურორის სურვილის შესახებ.

–არ ვიცი, ეს პოსტი მივა თუ არა შსს მინისტრამდე ან გენ. პროკურორამდე, რადგან ჩივილის თავი და ნერვები არ მაქვს.

–ასეთი პოლიცია მე ჯერ არ მახსოვს, ან, ალბათ, მე არ მომცემია საქმე.

–ბატონებს, გიორგი გავარკიძეს და სულხან თამაზაშვილს კი ვთხოვდი, თუ გამონახავენ დროს, დაინტერესდნენ ამ საქმით.”

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *