დააკავეს პირი, რომელმაც თავი ადვოკატად გაასაღა და 58 ათასი ლარი მიითვისა

დღის სიახლეები სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულს საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 ათასი ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და თანხა თაღლითურად მიისაკუთრა.

„დაზარალებულთა მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შემდგომ, ბრალდებულმა დაამზადა საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი და აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით შეეცადა დაზარალებულთა დარწმუნებას, თითქოს მათთვის კუთვნილი თანხა უკან ჰქონდა დაბრუნებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *