ერევანი რუსეთის სამხედრო ბაზის სომხეთში ყოფნას სასიცოცხლოდ აუცილებლად არ მიიჩნევს

დღის სიახლეები უცხოეთი

„თუ რუსეთი გადაწყვეტს ბაზის სომხეთიდან გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით“. „თუ ისინი გამოთქვამენ დარჩენის სურვილს, ჩვენ მზად ვართ ამაზეც ვისაუბროთ. თუმცა, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ასეთი საკითხი“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიშკეკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სომხეთში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ყოფნა არ განხილულა.

„სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით არანაირი განხილვა არ ყოფილა. ამ პერიოდში ეს საკითხი არასდროს დაგვიყენებია. და საქმე იმაში არ არის, რომ სომხეთში 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნას სასიცოცხლოდ აუცილებლად მივიჩნევთ“, – განაცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.

2 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სომხეთიდან, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე გავა, თუ ერევანი სამხედრო ბაზას არასაჭიროდ ჩათვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს”, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.

102-ე რუსული სამხედრო ბაზა 1995 წლიდან ჩრდილოეთ სომხეთში, ქალაქ გიუმრიში მდებარეობს. 2011 წელს ბაზის რესპუბლიკაში ყოფნა 2044 წლამდე გაგრძელდა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *