უკრაინამ ოფიციალურად გააფრთხილა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე საშიშია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის თავზე ცა სახიფათოა სამოქალაქო ავიაციისთვის გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო.
“მოვუწოდებთ ყველას, ამას თავი აარიდონ. რუსეთი განზრახ უგულებელყოფს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით გამოწვეულ არსებულ საფრთხეებს, რამაც ბოლო წლებში უკვე გამოიწვია რამდენიმე ინციდენტი. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორიზმის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რუსეთის საჰაერო სივრცე სულ უფრო სახიფათო ხდება” – წერს სიბიგა.
ერთი დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული დრონების გამო „რუსეთის ცა სრულიად საშიში ხდება“ და მოუწოდა ავიაკომპანიებს, გაითვალისწინონ ეს. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „საერთაშორისო სტრუქტურებს რუსეთის ცაზე არსებული საფრთხეების შესახებ სრულ ინფორმაციას“ მიაწვდის.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
