შპს „იგლ ჰილს საქართველომ“ ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილის განაშენიანების გეგმა – კონცეფცია უკვე შეიმუშავა და წარადგინა.
უფრო კონკრეტულად კი, პროექტის განხორციელება სოფელ ფონიჭალას მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე იგეგმება. როგორც გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, შემოთავაზებული განვითარება მიზნად ისახავს, შეიქმნას მყუდრო, ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანება.
პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების: ვილების, თაუნჰაუსების, სასტუმროს, მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების, აპარტამენტების, საცალო ვაჭრობის ობიექტების, სარეკრეაციო სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას.
„მთლიანობაში საპროექტოდ მოაზრებულია დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის განვითარება, დაახლოებით 21,500 – 22,100 სულ მოსახლეზე. ფაქტობრივად მთელი ტერიტორია განაშენიანდება საცხოვრებელი ვილებითა და თაუნჰაუსის ტიპის საცხოვრისებით, ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი, ე.წ. გეგმარებითი ცენტრი თავს მოუყრის საზოგადოებრივი და სოციალური ტიპის ობიექტებს, და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს,“ – ვკითხულობთ „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ მომზადებულ განაშენიანების გეგმაში.
ამასთან, როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, პროექტის საერთო ფართობი შეადგენს 633 ჰექტარს. აქედან 55% ანუ 345 ჰექტარი დაეთმობა ბუნებას,საზოგადოებრივი სივრცეების ან შენარჩუნებული ტყის მასივების სახით; ტერიტორიაზე დაგეგმილია სულ 2 729 ვილისა და თაუნჰაუსის და 3 767 მრავალბინიანი სახლის მშენებლობა; 29 100 კვ. მეტრი იქნება სავაჭრო ფართი; ხოლო სავარაუდო მაცხოვრებელთა რაოდენობა 21 500-22 100 იქნება.
როგორც „იგლ ჰილსის“ თბილისის პროექტის განაშენიანების გეგმის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პროექტის სავარაუდო ინვესტიცია დაახლოებით, 3.4 მლრდ. აშშ დოლარია.
bpn.ge
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
