დაჯარიმდებით და მართვის მოწმობაზე ქულები დაგაკლდებათ – ხვალიდან ავტომობილების ხმაურს პორტატული აპარატებით შეამოწმებენ

დღის სიახლეები სამართალი

1-ლი სექტემბრიდან ავტომობილების ხმაურს ადგილზე შეამოწმებენ.

შსს-ს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავტომობილის ხმაური კანონით დადგენილ ნორმაზე მეტი იქნება, დაჯარიმდებით და მართვის მოწმობაზე ქულები დაგაკლდებათ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ივლისში მიღებული ბრძანების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შემოწმების წესი და პირობები განისაზღვრა.

უწყების ცნობით, ახალი წესით, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში ავტომობილების მიერ წარმოქმნილ ხმაურს საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამისი პორტატული ხმაურსაზომი მოწყობილობებით შეამოწმებენ.

როგორც სამინისტრო განმარტავს, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული.

კერძოდ, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00-დან 08:00 საათამდე – ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება დარღვევის შემთხვევაში არსებულ სანქციებს, შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილ ნორმას აღემატება, პირველ ჯერზე 100-ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობის 10 ქულის შემცირებას ითვალისწინებს.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში – მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება და 20 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 30-ით შემცირება.

bpn.ge

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *