ვლადიმერ პუტინმა ერთხელ თავის ზოგიერთ ნდობით აღჭურვილ პირს უთხრა: „მე ჩამომახრჩობენ“, – წერს The Economist ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემა ამ განცხადების კონტექსტს არ იძლევა.
The Economist-ის თანახმად, პუტინი მიიჩნევს, რომ ომის დასრულებამ მინიმალური მიზნის – მთელი დონბასის დაკავების მიღწევის გარეშეც კი შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ძალაუფლებას და სიცოცხლეს.
კრემლთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ რამდენიმეკვირიანი განხილვის შემდეგ, პუტინმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ომის ესკალაცია ამ ზაფხულს. კრემლის ლიდერთან დიდი ხნის კავშირების მქონე წყარომ ასევე განაცხადა, რომ პუტინმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ბოლოდროინდელი ვიზიტი აშშ-ს სისუსტის ნიშნად აღიქვა.
„ეკონომისტი“ შესაძლო ესკალაციას კრემლზე მზარდ შიდა ზეწოლას მიაწერს – პუტინმა შესაძლოა ესკალაცია ომის მიმდინარეობის შეცვლის გზად მიიჩნიოს სისუსტის გამოჩენის გარეშე, წერს ჟურნალი. გამოცემის მიერ მოყვანილი „ლევადას ცენტრის“ მონაცემების თანახმად, რუსების 57% ქვეყანაში არსებულ სიტუაციას „დაძაბულად“ მიიჩნევს, ასახელებს რა ომს, დანაკარგებს, მობილიზაციას და მომავლის განცდის ნაკლებობას.
„ეკონომისტი“ ამტკიცებს, რომ რუსულ ელიტაში განწყობა „კიდევ უფრო ბნელია“. ერთ-ერთი წყაროს თქმით, თითქმის ხუთი წლის ომი თავისთავად წარუმატებლობას ნიშნავს, შედეგის მიუხედავად. სხვა წყარო საუბრობს მზარდ განცდაზე, რომ „მეფე შიშველია“. ომის ამჟამინდელი ფორმით გაგრძელება, რუსული ელიტის წარმომადგენლის თქმით, მხოლოდ კრემლის ეკონომიკურ რესურსებსა და პოლიტიკურ კაპიტალს ფუჭად ხარჯავს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
