“ძლიერ საქართველოს – ლელო“ საპენსიო ფონდის გაუქმებას და სრულ რეფორმას ითხოვს.
როგორც პარტიის წევრმა თაზო დათუნაშვილმა გაანცხადა, რეალურად საქართველოში დაგროვებითი საპენსიო მოდელის და საპენსიო სააგენტოს რეფორმამ აბსოლუტური კრახი განიცადა.
მისი თქმით, იმ აქტივების გადასარჩენად, რომლებიც დაგროვილია ამ ფონდში, სასწრაფო რეფორმაა საჭირო.
“დღეს ჩვენ, “ძლიერ საქართველოს – ლელოს” გვინდა მივმართოთ ჩვენს იმ მილიონ 700 ათას მოქალაქეს, რომელიც თავისი ყოველდღიური შრომით დანაზოგს აკეთებს დაგროვებითი პენსიის სისტემაში იმ იმედით, რომ მას ექნება ღირსეული სიბერე და საპენსიო ასაკში გასვლის მომენტში არ იქნება დამოკიდებული სახელმწიფოს სოციალურ პენსიაზე.
საქართველოს ამ მილიონ 700 ათას მოქალაქეს უნდა გაცნობოთ, რომ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, ანუ დაგროვებითი პენსიის შემოღების დღიდან დღემდე ჯამში საქართველოს მოქალაქის მედიანური საპენსიო დანაზოგი მხოლოდ 2 400 ლარია – ჩვენმა დანაზოგმა, რომელიც ყოველთვიურად 2%-ის სახით ჩვენს ანაზღაურებას და ჯამაგირს ეჭრება საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქისთვის ანუ მილიონ 700 ათასიდან უმრავლესობისთვის წელიწადში მხოლოდ 300 ლარის სარგებელი ნახა. რაც ნიშნავს, რომ კატასტროფულ ვითარებაში არის ეს სისტემა და რეალურად საქართველოში დაგროვებითი საპენსიო მოდელის და საპენსიო სააგენტოს რეფორმამ აბსოლუტური კრახი განიცადა.
300 ლარი წელიწადში სარგებელი თქვენს პენსიაზე, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ თქვენი ხელფასის 2%-ს აგროვებთ თქვენი ღირსეული სიბერისათვის . ის ვერავითარ შემთხვევაში დაფარავს ჩვენი თანამოქალაქეების და ამ მილიონ 700 ათასი ადამიანის ღირსეულ პენსიას.
აქვე მინდა გითხრათ ძალიან საგანგაშო რიცხვები, რომ 2035 წლისთვის ის 800 000 პენსიონერი, რომელიც დღეს გვყავს, საპენსიო ასაკში გავა მილიონ 100 ათასი ადამიანი, შესაბამისად, ბიუჯეტისთვის ბევრად უფრო მძიმე ტვირთი იქნება როგორც პენსიის გაცემა, სოციალური პენსიის, აგრეთვე ნებისმიერი ზრდა ამ სოციალურ პენსიაზე და ამის პარალელურად, როდესაც ვიგებთ, რომ ჩვენი დანაზოგი მხოლოდ 300 ლარია წელიწადში, ეს ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ველოდოთ კატასტროფულ შედეგებს ამ მილიონ 700 ათასი ადამიანის პენსიაში გასვლის მომენტში.
ჯამში, დღეს 9.7 მილიარდი ლარის აქტივებია მობილიზებული საპენსიო ფონდში, რაც, ფაქტობრივად, როგორც გითხარით არის მხოლოდ თქვენი ყოველთვიური 2%-იანი დანაზოგი. ეს ერთის მხრივ აჩვენებს იმას, რომ საქართველოში რეალური მედიანური ხელფასი, ანუ რეალური სახელფასო განაცემები არის ძალიან დაბალი და იცით, რომ მედიანური ხელფასი მხოლოდ 1400 ლარია და აგრეთვე ხაზს ვუსვამ ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს, რაც ამ საპენსიო რეფორმის კრახს იწვევს: ფონდის აქტივები დაბანდებულია ძალიან კონსერვატიულ, დაბალრისკიან პორტფელებში, რაც ნიშნავს იმას, რომ იქიდან ამონაგები, ფაქტობრივად, მიზერულია და ამიტომაც გროვდება ცოტა თანხა; ამის პარალელურად, ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა და ჩვენი ფულის გაუფასურება, რომელიც ყოველდღიურად იმატებს, მთლიანად ჭამს ამ რეალურ დანაზოგს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და მოგებას, აუფასურებს ჩვენს საპენსიო დანაზოგს; როგორც მოქალაქეებს, ისე კერძო კომპანიებს აუკრძალეს, შეუზღუდეს საპენსიო ფონდების კეთება და მოქალაქეებს აუკრძალეს კერძო საპენსიო ფონდებში ფულის დაბანდება, სადაც შეიძლებოდა მეტი ამონაგები ჰქონოდათ, მაგალითად ეს შეიძლება ყოფილიყო კერძო სექტორის მიერ მართული.
ეს მდგომარეობა არ არის გამოუვალი. “ძლიერ საქართველოს” აქვს კონკრეტული გეგმა, როდესაც ხელისუფლებას გადავიბარებთ და ეს პრორუსები წავლენ ხელისუფლებიდან, როგორ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი. ეს არის აქტიური ჩართვით კერძო სექტორის, რომ ამონაგები იყოს მეტი და თქვენი რეალური დანაზოგი, რომელსაც გააკეთებთ ღირსეული სიბერისთვის იყოს შესაბამისი, რაც სჭირდება ჩვენი თანამოქალაქეების ღირსეულ სიბერეს და აგრეთვე უნდა ვებრძოლოთ ინფლაციას ძალიან მარტივი მეთოდით – ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და ეკონომიკური გაჯანსაღება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც, ფაქტობრივად, ნულოვანია დღეს საქართველოში და შეიძლება ყოფილიყო გამდიდრების ტოლფასი იმ შემთხვევაში, თუ გვექნებოდა დღეს მოდერნიზებული რკინიგზა, თუ გვექნებოდა ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, თუ საქართველო შეიძენდა იმ ფუნქციას საერთაშორისო ვაჭრობაში, რაც გამტარიანობის ფუნქციაა ჩინეთ-ევროკავშირის დამაკავშირებელი, ანუ საქართველოს სჭირდება დიდი მატერიალური დოვლათი და დიდი უცხოური ინვესტიცია, რომელიც შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ჩვენი ეკონომიკა ამით გაჯანსაღდება. სამწუხაროდ, დღეს გვყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც სრულიად საპირისპიროს აკეთებს იმისა, რაც სჭირდება, რომ თქვენი დანაზოგი და პენსია იყოს ღირსეული.
დღეს “ქართული ოცნება” საქართველოს აქცევს იზოლაციაში, ქართულ ეკონომიკას აქცევს იზოლაციაში და აქცევს რუსული შავი ფულის შავ სამსახურად, რაც ნიშნავს რომ ნულოვანია სარგებელი, რომელსაც თქვენ, ის მილიონ 700 ათასი ადამიანი იღებთ, რომელიც ყოველთვიურად იღებთ დამატებით 2%-ს სახელმწიფოს აგროვებინებთ ამ საპენსიო სისტემაში.
“ქართულმა ოცნებამ” სასწრაფოდ უნდა გააუქმოს ეს ფონდი და სრული რეფორმა მოახდინოს, რომ როგორმე გადავარჩინოთ ის აქტივები, რომლებიც დაგროვილია ამ ფონდში, – განაცხადა დათუნაშვილმა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
