პარტია „გახარია საქართველოსთვის“, დიდი ალბათობით, ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 17 აგვისტოს გამოცხადდება

დღის სიახლეები პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ 3 ოქტომბერს ტარდება კონკრეტული მუნიციპალიტეტების კონკრეტულ ოლქებში ადგილობრივი მნიშვნელობის არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია ხელისუფლების ცვლილებისთვის, თუნდაც ადგილობრივი საკითხების მნიშვნელობის გადასაწყვეტად, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭო 17 აგვისტოს იმსჯელებს არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე და გადაწყვეტილებას 17 აგვისტოს გამოაცხადებს.

„მანადე შემიძლია გითხრათ, ჩვენი მიდგომიდან გამომდინარე, რომ არჩევნები უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ინსტრუმენტია, დიდი ალბათობით, ამ არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. თუმცა რომელ ოლქებში, რომელი კანდიდატებით და ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ორშაბათს პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კითხვაზე, განიხილავთ თუ არა თანამშრომლობას „ლელოსთან“, როგორც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, გიორგი შარაშიძემ უპასუხა: „არ გამოვრიცხავ ამ მოდელს“.

„თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არჩევნები მხოლოდ ოთხ ოლქში ტარდება, რაც რეალურად კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ერთ დეპუტატს ნიშნავს, არ ვიცი, ვნახოთ. პოლიტიკურ საბჭოზე ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ დღეს რომ გითხრათ, იგივე ვითარებაა, რაც 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს იყო, ასე არ არის. თუმცა გამორიცხული ნამდვილად არაფერია“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტს მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, აგრეთვე პარტიამ, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში, საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით 17 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიმართოს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *