აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა

დღის სიახლეები უცხოეთი

აშშ-ს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ტანკერ Marinera-ს (ყოფილი Bella-1) 47 წლის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, 10-თვიანი პატიმრობა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა.

როგორც ოლქის პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 12 ივნისს კალანდაძემ ბრალი აღიარა აშშ-ის სანაპირო დაცვის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლომ უფრო მსუბუქი განაჩენი გამოიტანა. იმ შემთხვევაში, თუ პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების დღიდან — 7 იანვრიდან დაიწყება, კაპიტანი საპატიმროს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში დატოვებს.

ოლქის პროკურორმა ჯინინ პირომ განაცხადა, რომ კალანდაძე მეთაურობდა გემს, რომელიც აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის ნავთობის უკანონო გადაზიდვების დასაფარად გამოიყენებოდა, ხოლო სანაპირო დაცვის მოთხოვნის მიუხედავად, მან გაქცევა სცადა. „ეს საქმე მოწმობს, რომ ის პირებიც აგებენ პასუხს, რომლებიც აშშ-ის სამართალდამცავებისგან თავის არიდებას ღია ზღვაში შეეცდებიან. ოკეანე ვერავის მოაქცევს ჩვენი წვდომის მიღმა“, — აღნიშნა პროკურორმა.

აშშ-მა ტანკერ Bella 1-ს სანქციები ჯერ კიდევ 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც ირანიდან და ვენესუელიდან უკანონოდ გადაჰქონდა ნავთობი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *