ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ამ ქვეყნიდან ვიზიტების რაოდენობა წლიურად 5.1%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ამავე მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების 610 825 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს 29 726 ვიზიტით აღემატება.
მიუხედავად განხორციელებული ვიზიტების ზრდისა, შემცირებულია რუსი ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯები.
უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში ჯამურად, 307.1 მლნ დოლარი დახარჯეს, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის მოქალაქეთა მიერ გაწეული ხარჯების მოცულობა 307.8 მლნ დოლარს შეადგენდა.
ამავე სტატისტიკით, მიმდინარე წელს რუსი ვიზიტორი საქართველოში ვიზიტზე საშუალოდ, 502 დოლარს ხარჯავდა, მაშინ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 529 დოლარს უტოლდებოდა.
შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 272 964 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.1%-ით ანუ 2 601 ვიზიტით მეტია.
bpn.ge
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
