ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე, მძღოლებს მართვის მოწმობით მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ

დღის სიახლეები სამართალი

რამდენადაც სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება პრაქტიკაში ეფექტურად არ ხორციელდება, სიჩქარის გადაჭარბების პრევენციის და მდგრადი აღსრულების მექანიზმის შექმნის მიზნით, გაგრძელდება მუშაობა ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების საპასუხოდ მძღოლებისთვის მართვის მოწმობით მინიჭებული ქულების შემცირების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მთავრობა 5 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბრობს.

სტრატეგიის მიხედვით, გაგრძელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-თან ერთობლივი კოორდინაციით ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გაუმჯობესება და ახალი მოწყობილობების დამონტაჟება მთელი ქვეყნის მასშტაბით – განსაკუთრებით იმ მონაკვეთებზე, სადაც არსებობს სიჩქარის გადაჭარბების მაღალი რისკი.

ამასთან, პრევენციული და საგანმანათლებლო სოციალური კამპანიების საშუალებით, იგეგმება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სიჩქარის გადაჭარბების რისკებთან დაკავშირებით.

“სატრანსპორტო საშუალებათა სიჩქარის ეფექტური მენეჯმენტის შედეგად შესაძლოა შემდეგი სახის სარგებლის მიღება:

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათ შედეგად გარდაცვლილ/დაშავებულ პირთა რაოდენობისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური ზიანის შემცირება;

ჰაერის დაბინძურების, საწვავის გადაჭარბებული მოხმარებისა და ხმაურის შემცირება;

ქალაქის გზებზე სტაბილური და უწყვეტი მოძრაობის შედეგად, სატრანსპორტო საშუალებათა მობილობის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება;

ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებებით მოსარგებლეებისა და ქვეითად მოსიარულეთა მობილობის გაუმჯობესება.

გარდა ამისა, საქართველოს გზებზე მოძრაობის სიჩქარის შემცირების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა დასახლებულ პუნქტებში მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის ლიმიტების და სიჩქარის დასაშვები გადაჭარბების (ტოლერანტობის) ზღვარის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა მხოლოდ სიჩქარის ზღვარის შემცირება არ არის საკმარისი სიჩქარის გადაჭარბების პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამდენად, გაგრძელდება შესაბამისი სისტემური მიდგომის ეტაპობრივად დანერგვა, რომელიც მოიცავს: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; მკაცრი, პროპორციული და თანმიმდევრული სანქციების შემოღებას სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით, მათ შორის ქულათა სისტემის მექანიზმის მეტად ეფექტურად გამოყენების სახით; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას; გზებზე, ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირებას და სხვა“, – ნათქვამია მთავრობის სტრატეგიაში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *