ჩინეთიდან საქართველოში 874 მილიონი ლარის 20 მილიონი ამანათი გამოიწერეს – სტატისტიკა

დღის სიახლეები ეკონომიკა

2025 წელს საქართველომ 2 მილიარდი ლარის ღირებულების 20 მილიონი ამანათი გამოიწერა – ამის შესახებ ირკვევა შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან, რომელიც უწყებამ საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციას მიაწოდა. თანხობრივად გამოწერილი ამანათების ჯამური ღირებულება გასულ წელს 604 მილიონი ლარით, ანუ 42%-ით გაიზარდა. შედარებისთვის მხოლოდ ეს ნაზარდი უფრო მეტია, ვიდრე 2020 წელს გამოწერილი ამანათების ჯამური ღირებულება რაც 558 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაოდენობრივად კი ამანათების რიცხვი გასულ წელს 4.8 მილიონი ამანათით, ანუ 32%-ით გაიზარდა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ უცხოეთიდან გამოწერილი ამანათების მიმართულებით ბუმი დაკავშირებულია ჩინეთიდან ელექტრონული ვაჭრობის მკვეთრ ზრდასთან, რადგან ამანათების ჯამური ღირებულების 43%, ანუ 874 მილიონი ლარი სწორედ ჩინეთიდან იყო გამოწერილი. რაოდენობრივად კი ამანათების რიცხვი 13,679,179-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს რომ მთლიანი ამანათების 69% სწორედ ჩინეთიდან იყო გამოწერილი.

რაოდენობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩინეთიდან გამოწერილი ერთი ამანათის საშუალო ფასი 2025 წელს 64 ლარს შეადგენდა, რაც 4.7-ჯერ ნაკლებია დღგ-ის გარეშე განბაჟების 300 ლარიან ლიმიტზე, ეს კი ნიშნავს რომ მოსახლეობამ 874 მილიონი ლარის პროდუქცია შეიძინა ჩინეთიდან, რომლის ანალოგის ადგილობრივ ბაზარზე შეძენის შემთხვევაშიც მინიმუმ 18%-ით მეტის (157 მლნ ლარით მეტის) გადახდა მოუწევდა. ჩინეთიდან ამანათების მიმართულებით არსებული ბუმი დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობის გიგანტების – Temu-ს; Shein-ის; Alibaba-ს; Pinduoduo-ს მიერ ქართულ ბაზარზე მარკეტინგის მნიშვნელოვანი ზრდით, ასევე საქართველოში გზავნილის უფასოდ მიწოდების სერვისის შეთავაზებით.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც უკანასკნელ წლებში გააქტიურდა არის ონლაინ კომერცია რუსეთიდან, რაც დაკავშირებულია Ozon-ისა და Wildberries-ის მიერ საქართველოში წარმომადგენლობის გახსნით. თუკი 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში სულ 16 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების 193 ათასი ამანათი შემოვიდა, 2025 წელს რუსეთიდან შემოსული ამანათების რაოდენობა 474%-ით, 1.1 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ჯამური ღირებულება 52 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან შემოსული ამანათები მნიშვნელოვანწილად იაფი ღირებულების საქონელს წარმოადგენს და საშუალო ფასი მხოლოდ 47 ლარს შეადგენს.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *