საქართველო ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს – ოპოზიციაში ამას კატასტროფა უწოდეს, მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს არ დააკლდება

დღის სიახლეები პოლიტიკა

დღეს და ხვალ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) 36-ე სამიტს მასპინძლობს. ანკარაში 32 წევრი ქვეყნის ლიდერები არიან შეკრებილი, მათ შორის თურქეთის დედაქალაქში ჩავიდა დონალდ ტრამპი.

დღეს დაგეგმილ ვახშამს ნატო-ს ლიდერებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდებიან.

მედიის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასევე ისაუბრებენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან კაია კალასთან. ნატო-ს თავდაცვის მინისტრები კი მოლაპარაკებებს გამართავენ ავსტრალიელ, იაპონელ, ახალ ზელანდიელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან.

ნატო-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერები სამიტზე სამ ძირითად თემას განიხილავენ: ინვესტიციებს თავდაცვაში, თავდაცვითი წარმოების გაზრდასა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს.

ნატოს ანკარის სამიტზე საქართველო მიწვეული არ არის.

“ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პირველად ისტორიაში, საქართველო არც ერთ იმ ფორმატში მიწვეული არ არის, სადაც ჩვენი რეგიონის, შავი ზღვის აუზის და ჩვენი სახელმწიფოს ბედი განიხილება – ჩვენ არა ვართ არც ერთ მაგიდასთან, სადაც ამ ქვეყნისა და რეგიონის სტრატეგიული მომავალი განიხილება.

გეგელიას შეფასებით, ეს არის სრული კატასტროფა და “ქოცური“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგი.

“ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ ხარ ინტერესის სფერო და გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. ეს პირდაპირ აისახება პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და ყველაფერზე, რაც ადამიანს ქვეყანაში ადარდებს – არის ეს სტაბილურობა, განვითარება თუ ფასები“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამ თემაზე კომენტირებისას, ქართული ოცნების წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ ნატო-ს წევრები არ ვართ, არც MAP-ი გვაქვს, ამიტომ ისინი ვალდებული არ არიან, სამიტზე მიგვიწვიონ.

შარმანაშვილს კითხეს, როგორ აფასებს იმას, რომ საქართველო თურქეთში, ნატო-ს სამიტზე მიწვეული არ არის.

„ჩვენ ნატო-ს საიმედო პარტნიორები ვართ. ძალიან ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი და ნატო-სთან არაფერი შეგვშლია. ავღანეთის ოპერაციაში ამ ხელისუფლების პირობებშიც სრულმასშტაბიანად ვმონაწილეობდით. არ მგონია, რომ სამიტზე არმიწვევით მხოლოდ საქართველოს დააკლდება. ნუ შევხედავთ ყველაფერს ისე, რომ ჩვენ ისეთი საცოდავი ქვეყანა ვართ, რომ ყველა ჩვენ გვჭირდება – ჩვენც ვჭირდებით ყველას. თავიანთ თავსაც დააკლებენ, თუ ასეთ საიმედო პარტნიორებს კარგად არ მოექცევიან. ყოველთვის მზად ვართ, პარტნიორებთან პირნათელი ვიყოთ. სისხლიც კი დაგვიღვრია ამის გამო. თავიანთ წევრებს გადახედონ, ავღანეთში როგორ იქცეოდნენ, შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვიათ და ფანჯარასთან ახლოს არ მიდიოდნენ, შემთხვევით ტყვია არ მოხვედროდათ. ავღანეთიდან ისე ჩამოვიდნენ, არცერთ ჯარისკაცს ფეხის ნაკაწრი არ ჰქონია. ანუ, არცერთ ოპერაციაში არ იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენ კი ასობით დასახიჩრებული გვყავს. მსხვერპლი მარტო სიკვდილიანობით არ განისაზღვრება. მეგობრობა ცალმხრივი, არ შეიძლება, იყოს. ნატო თუ აღიარებს ჩვენს მეგობრობას, აღიარებს ბოლომდე. ჩვენ მზად ვართ, დავამტკიცეთ და მომავალშიც დავამტკიცებთ, თუ საჭირო იქნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *