„როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას“ – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ელექტროგადამცემმა ხაზებმა დატვირთვასა და ექსტრემალურ სიცხეებს შესაძლოა, ვერ გაუძლოს.
„როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას. შესაძლოა, ელექტროენერგიის ხშირი წყვეტები იყოს, რადგან შეიძლება ხაზებმა ვერ გაუძლოს სიცხეს და დატვირთვას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული პრობლემები – წყალი ყველგან არ არის. თბილისშიც არის ეს პრობლემა, მაღალსართულიან შენობებში ბოლომდე ვერ ადის კარგი ნაკადით. ინფრასტრუქტურა არ არის მზად, მათ შორის პრობლემურია შენობების ხარისხი, არასწორად გადახურული და არათერმოიზოლირებული სახლები. რისკები საქართველოს აქვს ძალიან დიდი, უნდა გვქონდეს მზაობა იმისა, თუ როგორ გავაკეთოთ პრევენცია. არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ყველგან მივიყვანოთ წყალი, რომ უცებ ხალხისთვის ეს პრობლემა არ აღმოჩნდეს? თანამედროვე შენობებს რაც შეეხება, სადაც კედლები შესაბამისი სისქის არის და უზრუნველყოფილია თერმოიზოლაცია, იქ ნაკლებია ელექტროენერგიის ხარჯიც და გაგრილების სისტემებიც მუშაობს. ძველი შენობები, ხრუშჩოვკებს რომ ვეძახით, ამისთვის არ არის მზად. არსებობს საშიშროება, რომ როგორც ევროპაში დნება ასფალტი და გაყვანილობები, დადნეს ჩვენთანაც.
ჩვენც არ ვართ გათვლილი იმ ზონაზე, რომ ექსტრემალურად დიდხნიან მაღალ ტემპერატურას გაუძლოს რიგმა ინფრასტრუქტურამ. ევროპის მსგავსად, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას ჩვენთანაც. ვურჩევდი ყველას, რომ ვისაც აქვს წყალგაყვანილობა გარეთ, აუცილებლად გააკეთონ შეფუთვა, რათა მაღალი ტემპერატურების შემთხვევაში არ დადნეს. ასევე ვურჩევდი მოქალაქეებს, რომ სერიოზულად იფიქრონ ბავშვებზე, დაჩრდილვა გააკეთონ სახლში, გაიყვანონ მაღალ მთაში, თუმცა უნდა შეარჩიოთ ადგილები, სადაც წყალია, რადგან ჩვენთან წყალმომარაგების პრობლემა კვლავაც აქტუალურია.
ისედაც პრობლემაა საქართველოში უკვე მიწისქვეშა წყალი. ბევრმა ჭამ კლიმატის ცვლილებების ფონზე, დაიწია. მე ვფიქრობ, რომ ელემენტარული ქმედებები მაინც უნდა დავიწყოთ და მოქალაქეები გავაფრთხილოთ. სიცხეების დროს არის გარკვეული რეკომენდაციები, 112-მა გარდა იმისა, რომ უნდა გაგვაფრთხილოს ღვარცოფებისა და მეწყერების შესახებ, უნდა შეიქმნას შესაბამისი საიტები, მოინიშნოს გაფრთხილების ზონები და მოქალაქემ იცოდეს როგორ უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
bpn.ge
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში
