პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა მიმართულებით საქართველო ღიაა დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი.
„ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის.
რეალურად, სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ჩვენ, თავის დროზე, რეალურად ჩავკეტეთ ყველა გზა შანტაჟისთვის, დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზალიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ, ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომა და ამ გზავნილით ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“, – განაცხადა კობახიძემ.
