ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას: “როდის მოვა თანამდებობიდან მისი წასვლის დრო?”
მისივე თქმით, ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს გუნდი.
„ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს ხოლმე გუნდი. როგორც წესი, ასეა. იყო შემთხვევა, როცა გახარიამ გადაწყვიტა, იმიტომ, რომ “მამას უნდოდა ასე”. დაავალეს და გადადგა. მაგრამ, როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებს ხოლმე „ქართული ოცნება,“ – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ კითხვები ჟურნალისტებს არაერთხელ გასჩენიათ და „ეს არასერიოზული და მოსაბეზრებელია“.
„მე არ მბეზრდება თქვენგან ეს კითხვები, თქვენ თუ არ მოგბეზრდათ. მე ყოველ ჯერზე მზად ვარ მოვისმინო ეს კითხვები. ეს მომისმენია 2 წლის წინაც, 4 წლის წინაც, სხვადასხვა თანამდებობაზე, შარშანაც, 6 თვის წინაც, 3 თვის წინაც, ახლაც. მე არ მბეზრდება, თქვენ თუ არ მოგბეზრდათ, სიამოვნებით მოვისმენ. პასუხი გაგეცით უკვე. არასერიოზულია ეს ყველაფერი. სამ თვეში ერთხელ ევროკომისიასავით რომ გამოდიხართ და ერთი და იმავე კითხვას სვამთ, ერთი და იმავე რაღაცას ამბობთ, ხომ მოსაბეზრებელია, არასერიოზულია?!”, – განაცხადა კობახიძემ.
