„ინტერნეტში გერმანიის კანცლერისთვის მატყუარას წოდება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქუჩაში ჩადენილი დანაშაული. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას.“- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ევგენ შმიდტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
საქმე ეხება მოქალაქის მიერ ფრიდრიხ მერცის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს, სადაც მოქალაქემ გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, „ლიუგენფრიცი“- „მატყუარა ფრიცი“ უწოდა.
ბადენ-ვიურტემბერგის მცხოვრები სასამართლომ ფეისბუქზე დაწერილი მხოლოდ ერთი კომენტარის გამო დასაჯა. მან ფრიდრიხ მერცს მატყუარა უწოდა. გერმანულად ეს ჟღერდა როგორც „ლიუგენფრიცი“ – „მატყუარა ფრიცი“, რაც სახელი ფრიდრიხის კნინობითი ფორმაა. სასჯელი- 30 დღის ხელფასს შეადგენს- ინფორმაციას შმიდტი გერმანულ მედიასაშუალება Junge Freiheit-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიტიკოსი ვიდეოში ამ ამბის შესახებ ვრცლად საუბრობს და ამბობს, რომ ჰაილბრონის პროკურატურამ ეს შემდეგნაირად განმარტა: ეს კომენტარი თითქოს ხელყოფს ნდობას, აკნინებს კანცლერის პატიოსნებას და აგრესიას აღვივებს მის თანამოაზრეებში. საფუძველი კი სისხლის სამართლის კოდექსის მავნე 188-ე პარაგრაფია- „ცალკე მუხლი პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის“.
მისივე თქმით, „გერმანელებს მწარე კომენტარებისთვის მიზეზი თავზე საყრელად აქვთ. არჩევნებზე მერცი იფიცებოდა, რომ ახალ ვალებს არ აიღებდა, მიგრაციულ პოლიტიკას რადიკალურად შეცვლიდა და „შუქნიშნის“ (წინა სამთავრობო კოალიციის) დროინდელ ყველა გადაცდომას გამოასწორებდა. გამარჯვების შემდეგ კი ყველა დაპირება დაივიწყა და 500 მილიარდი ევროს ოდენობის ვალის პაკეტი დაამტკიცა. და აი შედეგიც: სანამ პროკურორები და პოლიცია ძალებს ფეისბუქის კომენტარებზე ხარჯავენ, რიგითი მოქალაქეები ქუჩებში კრიმინალის ზრდას ხედავენ და გრძნობენ, რომ მათ არავინ იცავს. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას.“
