საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში

დღის სიახლეები საზოგადოება

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. მედიის ცნობით, 43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს ლუიზიანის შტატშია გარდაცვლილი.

„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ უწყებამ კანონმდებლებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის შეტყობინების თანახმად, ართმელაძე უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

„გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, დაახლოებით 23:22 საათზე ექიმმა მამუკა ართმელაძე გარდაცვლილად გამოაცხადა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, ართმელაძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია და ექსპერტიზის შედეგად გაირკვევა.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ინფორმაციით, ართმელაძე თებერვალში ახალ ორლეანში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ოპერაცია მიმართული იყო „კომერციული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნეოდა“.

„აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა ართმელაძე მას შემდეგ დააკავა, რაც დადგინდა, რომ მას არ ჰქონდა შეერთებულ შტატებში კანონიერი სტატუსით დარჩენის უფლება“, – აცხადებენ უწყებაში.

„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრებში გარდაცვალების შემთხვევების ზრდა იმ ფონზე ხდება, როდესაც კანონმდებლები და მიგრანტთა უფლებების დამცველები სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ დაკავების ცენტრებში არსებულ პირობებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *