ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა დათბეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურა (30 გრადუსი და მეტი) მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ “რადიო თავისუფლებას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი განმარტებით, ატლანტიკის ოკეანეში ძალიან მძლავრი პროცესები განვითარდა – არქტიკული ცივი ჰაერის მასები სინუსოიდურად ანუ ტალღებივით მოძრაობდა – ეს ჰაერის მასები ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე დაეშვა და შემდეგ სამხრეთისკენ, საქართველოსკენაც წამოვიდა.
“მას ზოგჯერ კავკასიონის ქედი და უკრაინის მთიანი რაიონები აკავებდა, მაგრამ არა ყოველთვის. აქ კი თბილი ჰაერის მასები ჯერ კიდევ არ იყო აქტიური” – განაცხადა გვაზავამ.
დოდო გვაზავა, ამინდზე დაკვირვების ხანგრძლივი გამოცდილების გათვალისწინებით, ფიქრობს, რომ 2026 წლის გაზაფხული, მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდებით და დაბალი ტემპერატურით, საქართველოსთვის მაინც უჩვეულოდ შეიძლება ჩაითვალოს.
“შეიძლება ბოლო ხუთი-ათი წელიც იყოს, რაც ასეთი გაზაფხული არ გვქონია. როგორც ვნახეთ, თვის ბოლოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოთოვა კიდეც. ზოგიერთი რეგიონი დაისეტყვა. მაისს, ზოგადად ახასიათებს გაბმული წვიმა, მაგრამ ტემპერატურა სეზონისთვის შესაბამისია ხოლმე, უფრო მაღალი. ახლა კი, ცივი დღეები ხშირად მეორდებოდა და ეს განცდაც, “გაზაფხულის გაქრობის”, მოსახლეობაში ამან გააჩინა”.
რაც მოკლევადიანი პროგოზით არის ცნობილი, ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა დათბეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურა (30 გრადუსი და მეტი) მოსალოდნელი არ არის.
“სითბოს ვიგრძნობთ, თხლადაც ჩავიცვამთ, მაგრამ შიგადაშიგ, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ დასაქართველოში, მაინც იწვიმებს”, – უთხრა დოდო გვაზავამ რადიო თავისუფლებას.
