რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გაფართოვდება – გუნბა

დღის სიახლეები პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ სოხუმსა და რუსეთის ქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის გაფართოების გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ რიგში, სოხუმის აეროპორტის 2025 წლის გაზაფხულზე გახსნამ ხელი შეუწყო როგორც ტურიზმს, ასევე რესპუბლიკის მთლიან ეკონომიკას.

„ფრენების ქსელის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაპირველად, ფრენების ქსელი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერით გაფართოვდა, წელს კი სხვა რეგიონები და ავიაკომპანიები გამოჩნდნენ, რომლებიც თავად არიან დაინტერესებულნი აფხაზეთის რესპუბლიკაში ფრენებით“ – თქვა გუნბამ.

მან დასძინა, რომ დღეს აფხაზეთი ახალი საჰაერო დანიშნულების ადგილია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის. აეროპორტის პოტენციალი უზარმაზარია – 1992 წლამდე მხოლოდ მოსკოვიდან სოხუმში ყოველდღიურად 20-ზე მეტი რეისი სრულდებოდა.

მისივე ინფორმაციით, 2026 წელს სოხუმის აეროპორტის მგზავრთა ნაკადი წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, 150 000 მგზავრს აჭარბებს; 2025 წელს კი 120 000 იყო.

გუნბას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფრენების ქსელის გაფართოების გეგმები არსებობს.

„ორივე მხრიდან ინტერესია. ყველა რეგიონი დაინტერესებულია საჰაერო მომსახურებით, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ყველაფერი გადამზიდავებზეა დამოკიდებული და ჩვენ ასევე ვხედავთ გადამზიდავებისგან ინტერესს აფხაზეთის მიმართულებით. ეს გარდაუვალია და აუცილებლად განხორციელდება“ – აცხადებს გუნბა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *