სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგეტიკული დერეფნების გზაჯვარედინის განვითარება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც მზადაა მასში ინვესტიციები ჩადოს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დიმიტრი ბირიჩევსკიმ, მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე „პლატფორმა 3+3: ენერგეტიკული თანამშრომლობა, როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების საყრდენი სამხრეთ კავკასიაში“.
დიპლომატის თქმით, ღონისძიების ენერგეტიკული დღის წესრიგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის.
„ჩვენს ქვეყანას რეგიონთან ისტორიული კავშირები აქვს და დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის განვითარებით, როგორც სტაბილური, ღია, ურთიერთდაკავშირებული სივრცის, როგორც ენერგეტიკული დერეფნების გზაჯვარედინის, როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთის, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით“ – განაცხადა დიმიტრი ბირიჩევსკი
მისი თქმით, სამხრეთ კავკასია უკვე ძირითადი ენერგეტიკული მარშრუტების ნაწილია. მან აღნიშნა, რომ ყურადღება უნდა გადავიდეს დადგენილი გარე მარაგებიდან რეგიონის შიდა ენერგეტიკულ მდგრადობაზე.
„მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ შეუძლიათ ეროვნულ ენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთის შევსება, როგორ გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურის საიმედოობა და როგორ ვაქციოთ ენერგეტიკული თანამშრომლობა გრძელვადიანი პროგნოზირებადობის წყაროდ“ – თქვა დიმიტრი ბირიჩევსკიმ.
კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც, მისი თქმით, ყურადღებას საჭიროებს, არის ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონის ყველა ქვეყნისთვის მდგრად და სასარგებლო პარტნიორობად გარდაქმნა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერია საჭირო, მათ შორის გეოგრაფიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა, ასევე თანამშრომლობის სურვილი.
„რატომ არ უნდა გარდაიქმნას ასეთი უპირატესობები და ასეთი განზრახვები პრაქტიკულ ქმედებებად? ვფიქრობ, 3+3 პლატფორმა ამისთვის ძალიან შესაფერისია“ – აცხადებს დიმიტრი ბირიჩევსკი.
შემდეგ, მან განმარტა, რომ არსებული ენერგეტიკული შესაძლებლობები შეიძლება გაერთიანდეს „თანამშრომლობის ყოვლისმომცველ, ინკლუზიურ სისტემაში“.
მისი თქმით, თანამშრომლობის ეს სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში.



