“დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა” – ნატა ვიბლიანი

დღის სიახლეები საზოგადოება

ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მის მოკვლას ცდილობდნენ. მისი თქმით, მომხდარს მოწმეც ჰყავს.

როგორც ქალი ყვება, ექიმთან ვიზიტის დროს დაცვა თან არ ახლდა, პოლიცია კი ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდა.
“- ექიმთან ვიზიტი მქონდა, ავად ვიყავი რამდენიმე დღე. დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა, თან მოწმე ჰყავს ამ საქმეს. ზურგიდან, ვირთხულად, არაკაცებმა სცადეს ჩემი მოკვლა.
სანამ ცოცხალი ვიქნები, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება, როგორც დღეს, ერთი ქალბატონი ღმერთივით გამომიჩნდა, ზუსტად ასე მეყოლება სულ ღმერთივით ვიღაცა და სულ გავიგებ, რომ უკან დგახართ.
თქვენ რომ ვაჟკაცები იყოთ და კაცობა გქონდეთ, პირდაპირ დამიდგებით, თვალებში ჩამხედავთ და მეტყოდით, რომ ნატა, შენ ის გაბედე, რაც სვანეთში არცერთ ქალს არ გაუბედია და მაგიტომ უნდა მოკვდე… იმისიც გეშინიათ, რომ ციხეში მოხვდეთ.
დღეს იდგა ჩემს ზურგს უკან ჩემი ნაცნობი და შეამჩნია ერთმა ქალბატონმა, რომ ძალიან გიყურებსო და მერე დაურეკეს. ვიდეოებს, სურათებს გვიღებდნენ.
სანამ ცოცხალი ვიქნები, სულ ჩემს ზურგს უკან იდგებით, სულ იმის მცდელობა გექნებათ, რომ მე მომკლათ, მაგრამ ვერ მომკლავთ, მე მიცავს ორი ვაჟკაცი, ასტემირი და გოჩა და ღმერთი!”- ამბობს ნატა ვიბლიანი.
43 წლის ვიბლიანი ემიგრაციაში ცხოვრობს. ის არასრულწლოვან ასაკში, კონკრეტული პირებისგან სვანეთში მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ საჯაროდ საუბრობს.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო და პროკურატურამ ქალი დაზარალებულად ცნო.
ის სოციალურ ქსელში ამბობს, რომ პროცესი ჭიანურდება და მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით პასუხები დღემდე არ მიუღია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *