ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, პაპმა ლეონ XIV-მ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა ხერსონის ოლქში, ოლეშკის ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. საუბრის შესახებ Vatican News-მა გაავრცელა ინფორმაცია.
„საუბრის დროს პაპმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქში, ოლეშკის ქალაქში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია შესაძლებელი ყოფილიყო“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
კრემლმა დაადასტურა პუტინისა და პაპის სატელეფონო საუბარი. რუსული მხარის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ოლეშკიში შექმნილ ჰუმანიტარულ სიტუაციაში უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა.
ოლეშკი მდინარე დნეპრის რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. Kyiv Independent-ის 10 ოქტომბრის მონაცემებით, ქალაქში დაახლოებით 2000 ადამიანი რჩება, მათ შორის თითქმის 50 ბავშვი. მცხოვრებლებს საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი აქვთ. დანაღმული გზები, დრონების თავდასხმები და რუსულ საგუშაგოებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები ადამიანების ევაკუაციას აფერხებს.



