ზესტაფონმა ქალაქის მთავარ სახალხო დღესასწაულს უმასპინძლა. “ზესტაფონობაზე” ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
მოეწყო გამოფენები, დაჯილდოვდნენ ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები, გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები. საღამო გალა-კონცერტით დასრულდა.
ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქალაქ ზესტაფონის საპატიო მოქალაქეთა შორის დასახელდა იტალიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კახაბერ ცერცვაძე.
როგორც კახაბერ ცერცვაძე ამბობს, მისთვის მშობლიური ქალაქის საპატიო მოქალაქედ გამორჩევა მოულოდნელი აღმოჩნდა.

აღსანიშნია, რომ თავის მხრივ, სიურპრიზი ზესტაფონელებს ბიზნესმენმა კახაბერ ცერცვაძემ და მისმა მეუღლემ შორენა ქურხულმაც მოუწყეს. მათ 19 ზესტაფონელი აბიტურიენტი გამოარჩიეს, რომლებმაც მისაღებ გამოცდებზე ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს. ისინი მომდევნო თვეს, რამდენიმე დღით იტალიაში გაემგზავრებიან და ძირითად ქალაქებს დაათვალიერებენ. ესტუმრებიან იმ კომპანიებსაც, რომლებიც ბიზნესმენს ეკუთვნის.
მათვე აღნიშნეს, რომ ამ 19-ვე აბიტურიენტს მათი კომპანია “პანე ჯორჯიანოსგან” სხვადასხვა სიურპრიზიც ელოდება.
კახაბერ ცერცვაძე სამომავლოდ აპირებს, რომ ზესტაფონში განსაკუთრებული პროექტები განახორციელოს.



