13 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

დღის სიახლეები საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 სექტემბერს აღნიშნავს დადებას პატიოსნისა სარტყელისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, მღვდელმოწამე კვიპრიანეს კართაგენელი ეპისკოპოსის, წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს.

სამ ნაწილად გაყოფილი სარტყელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, გარდამოცემით, აქლემის ბეწვისგან (სტევი) დაუმზადებია თვით უფლის დედას , ხოლო მისი მიძინებისა და ზეცაში ამაღლების წინ მან ის თომა მოციქულს გადასცა. წმინდა სარტყლის შენახვა თავს იდო ორმა ღვთისმოშიშმა იერუსალიმელმა ღარიბმა დედაკაცმა. მათ შთამომავლებს თაობიდან თაობას გადაეცემოდა შესანახად ეს სიწმინდე.

იმპერატორ არკადის მმართველობის ჟამს წმინდა სარტყელი ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქში, კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სარტყელი დაიდო მშვენიერ ლუსკუმაში, რომელსაც “წმინდა ლუსკუმა” ეწოდა. ეს მოხდა 31 აგვისტოს. წმინდა რელიკვიას დედაქალაქი და მისი მკვიდრნი მტრის თავდასხმისა და ბოროტ სულთა შემოტევისგან უნდა დაეცვა. რამდენიმე წლის შემდეგ არკადის ქალიშვილმა პულხერიამ დიდებული ქალკოპრატიის ტაძარი ააგო და მასში დაასვენა წმინდა სარტყელი.

შემდგომ საუკუნეებში წმინდა სარტყელი კაპადუკიაში, ამასეას სამხრეთით, ქალაქ ზილაში გადაიტანეს. კონსტანტინოპოლში ის კვლავ გადაასვენეს იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს, რომლის მეფობისას აშენდა წმინდა სოფიოს ტაძარი.
მისმა მემკვიდრემ, იუსტინიანე II-მ და რძალმა სოფიომ რესტავრაცია ჩაუტარეს ქალკოპრატიის ტაძარს და წმინდა ლუსკუმის სახელზე პატარა ტაძარი ააგეს. პატიოსანი სარტყელი წმინდა ტრაპეზზე ინახებოდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანმა სარტყელმა კონსტანტინოპოლში მრავალი სასწაული მოახდინა. მან განკურნა იმპერატორ ლევ VI-ის, ბრძენად წოდებულის მეუღლე ზოია, რომელიც არაწმინდა სულისაგან იტანჯებოდა. როცა პატრიარქმა წმინდა სარტყელი ზოიას შეახო, ის მაშინათვე გათავისუფლდა სატანჯველისგან. მან მადლიერების ნიშნად სარტყელი ოქრომკედით შეამკო და ამგვარი სახით ინახება ის დღეს ვათოპედის მონასტერში.

დაახლოებით 1150 წელს პატიოსანი სარტყელი დასვენებული იყო კონსტანტინოპოლის დიდ პალატში, წმინდა მიქაელის ტაძარში. ეტყობა, ის მაშინ დაანაწილეს და გადაასვენეს ტაძარში.

XII საუკუნეში მანუელ I კომნენოსის მეფობისას, ოფიციალურად დადგინდა 31 აგვისტოს პატიოსანი სარტყლის დადების დღესასწაული, რადგანაც ადრე, ღვთისმშობლის საფარვლის ხსენების დღეს, 2 ივლისს იზეიმებოდა.

ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, 1204 წელს სარტყლის ზოგიერთი ნაწილი ხელთ იგდეს ბარბაროსებმა, რომელთაც ისინი დასავლეთში წაიღეს. საბედნიეროდ, ყველა მათგანი არ დაკარგულა. ზუსტადაა ცნობილი, რომ პატიოსანი სარტყლის ნაწილი კონსტანტინოპოლში დარჩა, ქალაქის ხელმეორედ დაპყრობის დროს იგი ვლაქერნის ტაძარში ინახებოდა.

ბოლო მოწმობა იმისა, რომ სარტყელი კონსტანტინოპოლში ინახებოდა, გახლავთ 1424-1453 წლებით დათარიღებული, ანონიმი რუსი მომლოცველის ჩანაწერები. უცნობია, რა მოხდა შემდგომში, 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ვათოპედის მონასტერში მოხვდა და დღემდე იქ ინახება.

ამ ნაწილმა მონასტერში დიდი თავგადასავლების შემდეგ მოაღწია. კონსტანტინე დიდმა დაამზადა ჯვარი, რომელიც ლაშქრობისას თან დაჰქონდა თავისი არმიის დასაცავად. ჯვრის შუაში ჩასვენებული იყო ძელიცხოვლის პატარა ნაწილი. ჯვარზე გაკეთებულ საცავებში მნიშვნელოვანი მოწამეების წმინდა ნაწილები და პატიოსანი სარტყლის ჩამონაჭერი ინახებოდა. ეს ჯვარი თან დაჰქონდათ ლაშქრობისას სხვა იმპერატორებსაც. ბულგართა წინააღმდეგ ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობისას, რომელიც წამოიწყო იმპერატორმა ისააკ II ანგელოსმა, მას სძლია მმართველმა ასანმა. მაშინ ერთმა მღვდელმა ჯვარი წყალში გადააგდო, რათა მტერს ხელში არ ჩავარდნოდა და არ შეებილწა. მაგრამ ის მაინც იპოვეს და ბულგარეთის მეფეს, ასანს გადასცეს.

ბულგარელებს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ სერბებთან. 1330 წელს ბულგარელთა არმია საშინლად გაანადგურა სერბთა ჯარმა, რომელსაც მეთაურობდა წმინდა დიდმოწამე მეფე ლაზარე. ამგვარად, სამეფო ჯვარი სერბთა ხელში გადავიდა. მეფე ლაზარემ ვათოპედის მონასტერს გადასცა სამეფო ჯვარი, ძელიცხოველის ნაწილთან ერთად, ასევე წმინდა სატყლის ნაწილი და სხვა სიწმინდეები. მას შემდეგ ის მონასტრის საკრებულო ტაძრის საკურთხეველში ინახება.უყურადღებოდ არ შეიძლება დავტოვოთ ვათოპედის მონასტრის ერთი გარდამოცემა, რომლის მიხედვითაც პატიოსანი სარტყელი სავანეს უძღვნა იმპერატორმა იოანე VI-მ (1341-1354), რომელმაც შემდგომში მეფობაზე უარი თქვა და ვათოპედის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად იოსების სახელით. თურქეთის ბატონობის დროს მონასტრის საძმომ პატიოსან სარტყელთან ერთად ლიტანიობით შემოიარა კრეტა, მაკედონია, თრაკია, კონსტანტინოპოლი და მცირე აზია, რათა ეკურთხებინათ და გაეძლიერებინათ დამონებული ქრისტიანები და განეკურნათ ისინი გადამდები სნეულებისაგან.

მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი

მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი დაიბადა დაახლოებით 200 წელს ქალაქ კართაგენში (ჩრდილოეთ აფრიკა). მან, მდიდარი წარმართი სენატორის შვილმა, შესანიშნავი საერო განათლება მიიღო და ახალგაზრდობაშივე ბრწყინვალე ორატორი და მჭევრმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი ქონებას მდიდრულ ქეიფებს, განცხრომით ცხოვრებას ახმარდა, მაგრამ მაშინაც სხვა წარმართებთან შედარებით უფრო მკაცრ ზნეობრივ პრინციპებს ერთგულებდა და რაღაც უმჯობესს, შეუცნობს ელტვოდა. უფალმა გაუნათა გონება – გულწრფელად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ნათლისღებამდე წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თავად კი ხუცეს სესილიუსთან დასახლდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს, კართაგენის ეპისკოპოს დონატუსის გარდაცვალების შემდეგ კი, 248 წელს, ერთხმად აირჩიეს მღვდელმთავრად.

253 წელს ტახტზე ავიდა იმპერატორი ვალერიანე (253-260). მისი მეფობის პირველი ექვსი, მშვიდობიანი წლის მანძილზე კვიპრიანე გულმოდგინედ ზრუნავდა საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად, იმპერატორ ვალერიანეს თავისი კეთილგანწყობა ქრისტიანთა მიმართ საყვარელი კარისკაცის, ვალერიანე მაკრინეს წაქეზებით სიძულვილით შეეცვალა – სწორედ ამან გამოიწვია მაცხოვრის მსასოებელთა დევნის განახლება.

კართაგენის პროკონსულმა პატერნემ მღვდელმთავარ კვიპრიანეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმიდანმა უარი განაცხადა როგორც ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ისე კართაგენელ მღვდელმსახურთა სახელებისა და ადგილსამყოფელის გაცხადებაზე. ამისთვის ნეტარი მამა ზღვისპირა ქალაქ კურუბისში გადაასახლეს. დაახლოებით 258 წელს ნეტარი მამა კურუბისიდან გაიწვიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მსაჯულმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯა.

ნეტარი მამა 258 წელს აღესრულა მოწამეობრივად. მისი წმიდა ცხედარი ღამით წაასვენეს და პატივით დაფლეს პროკურატორ მაკრობიუს კანდიდიანეს კერძო საძვალეში.

წმიდა კვიპრიანე კართაგენელმა ძვირფასი მემკვიდრეობა დაგვიტოვა: ღვთივსულიერი თხზულებები და ოთხმოცი ეპისტოლე. ისინი მიღებულ იქნა, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიმუშები და მსოფლიო კრებებზე (ეფესოს III და ქალკედონის IV) იკითხებოდა.

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა 458 წელს, წმიდა კეთილმსახური მეფის, ლეონ დიდის (457-474) მეფობაში.

კონსტანტინოპოლში ნეტარი გენადის პატრიარქობის დროს აშენდა წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი. ამავე ხანებში რომიდან ჩამოსულმა სენატორმა, სტუდიოსმა დააარსა მონასტერი, რომელიც სტუდიონის სავანის სახელითაა ცნობილი. ეკლესიის იკონომოსი წმიდა გენადის პატრიარქობის დროს იყო ღირსი მარკიანე

ნეტარი მამა ცამეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას და მშვიდობით მიიცვალა 471 წელს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *