რუსი ტურისტების მოთხოვნამ საქართველოში ზაფხულის დასვენებაზე მნიშვნელოვნად გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებლებს და საგზურების გაყიდვების საშუალო ზრდამ 25% შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ATOR-ის განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.
წამყვანი ტურისტული კომპანიების შემაჯამებელი მონაცემებით, 2026 წლის ზაფხულის სეზონი წინა სეზონზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო ბაზრის ცალკეულ მონაწილეებს ჯავშნების რაოდენობა წლიურად 2-4-ჯერ გაეზარდათ.
ასოციაციაში დააზუსტეს, რომ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები სულ უფრო ხშირად ათავსებენ დასვენების სხვადასხვა ფორმატს. ყველაზე სწრაფად იზრდებოდა მოთხოვნა ბათუმისა და შავი ზღვის სანაპიროს პლაჟებზე, ასევე კომბინირებულ მარშრუტებზე თბილისისა და ბათუმის მონახულებით, მოგზაურობებზე ქუთაისში, ბორჯომსა და ყაზბეგში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოთხოვნის ზრდის მთავარ ფაქტორებად ტუროპერატორები უვიზო რეჟიმსა და პირდაპირი ავიაფრენების განვითარებულ ქსელს ასახელებენ, ხოლო დამატებით სტიმულად იქცა რუბლის სტაბილური კურსი ლართან მიმართებით, ხელმისაწვდომი ფასები საზღვაო კურორტებსა და ექსკურსიებზე, ასევე გასტრონომიული ტურიზმის შესაძლებლობები.
„მოსალოდნელია, რომ საგზურების რეალიზაცია შემოდგომაზეც გაგრძელდება პლაჟზე დასვენების გაიაფებისა და კურორტების დატვირთვის შემცირების ფონზე, რის გამოც ბათუმის, ჩაქვისა და ქობულეთის სასტუმროებმა ხავერდოვანი სეზონის პერიოდისთვის განთავსების ღირებულება უკვე შეამცირეს 10-15%-ით“, – წერია ATOR-ის განცხადებაში.
თუმცა ATOR-ის სპეციალისტები მოთხოვნად ექსკურსიულ ტურებზე შემოდგომაზე ფასების დაკლებას არ ელოდებიან.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
