ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პოლიტიკოსები გამოკითხვაზე დაიბარეს – რას აცხადებენ დაბარებულები – პოზიციები

დღის სიახლეები სამართალი

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება – ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

უწყების ცნობითვე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.

***

“ციხეში მყოფ ღარიბაშვილსაც შეუძლია [ბიძინა ივანიშვილს] აუყირავოს მაგიდა – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში მისი დაბარების ფაქტს. 

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მან პირად სოციალურ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან ციტატა მოიყვანა, ამიტომ არ ესმის რატომ გახდა მისი საგამოძიებო ორგანოში დაბარება აუცილებელი. 

გვარამია ივანიშვილის გუნდის რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში” მძიმე ვითარებაა. 

***

“ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი “პირველებთან” ამბობს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე გაკეთებული პოლიტიკური შეფასების გამო იბარებენ.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ლაზარე ჯორჯაძის შესახებ მან პირველად სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგო.

მისი სახელი ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გავიგე, პოლიტიკურად შევაფასე, მომავალშიც შევაფასებ პოლიტიკურად და პოლიტიკურად ვაფასებდი ზოგადად ყველა ასეთ ამბავს, რომელიც შეიცავს ძალიან მძიმე მუქარებს. “ქართული ოცნების” შიდა კანიბალიზმს ისევ შევაფასებ. ეს არის ბინძური თამაში, რომლის მიზანიც არის, ბინძური სანახაობის შექმნა და ვინმეს შეშინება”- უთხრა “პირველებს” თაზო დათუნაშვილმა.

***

ეს არის დამფრთხალი კრიმინალური ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში – ეს უნდა გაარკვიოთ თქვენსავე პროკურატურაში და თქვენივე გუნდში, რომელიც არის ამ ტიპის კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარებას.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარება პროკურატურაში წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც „არ აქვს პოლიტიკური ნება გამოიძიოს რეალური ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან”.

***

რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულს ველოდებით ამ დაკითხვებიდან-მეთქი, მოგატყუებთ – ყველაფერი, რაც ხდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად ძირგამომპალია მთელი ეს სისტემა და რამდენად არ აქვს არანაირი კავშირი „ოცნების“ მმართველობას ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასთან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე რამდენიმე პირის გამოკითხვას გამოეხმაურა.

შარაშიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესები სანახაობის ნაწილია და არ ჰგონია, რომ ამას რაიმე ხელშესახები მოჰყვება.

***

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილის განცხადებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ლაზარე ჯორბენაძის საქმეზეა დაბარებული, გამოცხადდება.

მისივე თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე, როგორც ასეთი, მას ცალკე კომენტარი არ გაუკეთებია.

„მივალ და გავესაუბრები, გავიგებ რა უნდათ, რადგან ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე, როგორც ასეთი ცალკე კომენტარი არ გამიკეთებია. ვიდრე ეს ადამიანი იტყოდა, არც ვიცოდი საერთოდ ვინ არის“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *