შეუძლია მეხის გავარდნის ფუნქცია შეასრულოს – თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ინტერნეტგამოცემა “bm.ge”-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იცის ძალიან ბევრი რამ; იცის სიმართლე ბევრ საკითხზე, ბევრი რამის თანამონაწილე თავადაც იყო.

მისივე თქმით, მას შეუძლია მეხის გავარდნის ფუნქცია შეასრულოს.

“ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იცის ძალიან ბევრი რამ; იცის სიმართლე ბევრ საკითხზე, ბევრი რამის თანამონაწილე თავადაც იყო. ამას ახლა პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მას შეუძლია საზოგადოების იმ ნაწილის გამოღვიძებისთვის, რომელსაც ჯერ ისევ საღათას ძილით სძინავს და ილუზიებშია, სწორედ მეხის გავარდნის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ მე ამის მოლოდინი არ მაქვს, ნულოვანი მოლოდინი მაქვს, იმიტომ რომ მას არ აქვს ისეთი სიმამაცე და გამბედაობა, რაც ასეთი განცხადების გაკეთებას სჭირდება. ის უბრალოდ მშიშარა კაცია და ასევე არ აქვს საკმარისი ინტელექტი იმისთვის, რომ მიხვდეს, სინამდვილეში რა სჭირდება მას და რა დაეხმარებოდა მის მდგომარეობას” – განაცხადა ხიდაშელმა.

ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პირველ წერილზე საუბრისას, ხიდაშელი ფიქრობს, რომ ეს იყო სპონტანური სიბრაზის ამოფრქვევა. “როგორც ჩანს, იმ მომენტში მას რაღაც უთხრეს ან რაღაც გაიგო. ეს იყო გაბრაზებული კაცის წერილი, რომელსაც უკვე რაციონალური პოლიტიკოსის წერილი უნდა მოჰყოლოდა, რაც ვერ ვნახეთ, იმიტომ რომ ის რაციონალური პოლიტიკოსი უბრალოდ არ არის”.

ამავე ინტერვიუში თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე ხელშეუხებელია მანამ, სანამ თბილისის მერის პოსტზეა.

“თბილისში ახალი არჩევნები ივანიშვილისთვის ძალიან სარისკოა და ამ რისკზე ის არ წავა. ფაქტობრივად, კალაძის დაცვას ჩვენ ვაკეთებთ, ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს თბილისში ოპოზიციაშია, სინამდვილეში კახა კალაძეს იცავს საკუთარი გუნდის ანგარიშსწორებისგან. როცა მერი არ იქნება, იქამდე ჯერ დიდი დროა და იმედი დავიტოვოთ, რომ იქამდე „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში” – ამბობს ხიდაშელი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *