ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გასულ კვირას, შვილებთან შეხვედრისთვის ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს. მისივე თქმით, პაემნის გაუქმების მიზეზი უცნობია. ადვოკატის განმარტებით, ის დღეს ხვდება ირაკლი ღარიბაშვილს.
„რაც ის განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემ, მას შემდეგ არ მინახავს ბატონი ირაკლი. ახლა, შევდივარ, რასაც მეტყვის იმას განგიცხადებთ, არ შევინახავ საიდუმლოდ.
შევალ, ვნახავ ბატონ ირაკლის და თუ გახდა საჭირო, თუ მითუმეტეს წერილის ფორმით იქნება, როგორც იქნება, ამის შესახებ განცხადებას გავაკეთებთ. მას ჰქონდა შვილებთან პაემანი ჩანიშნული და ის გაუუქმეს, წინა კვირაში იყო. არ ვიცით, რა იყო მიზეზი. ამის შესახებ თვითონაც განაცხადა. ასევე შემიძლია კონტრკითხვა დავსვა – რა იყო მიზეზი, თუნდაც მისი ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლება რომ დაიწყეს? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, – აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ ირაკლი ღარიბაშვილზე, ადვოკატი პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა“.
„რა თქმა უნდა. მე მაშინ ვნახე ირაკლი და იყო ძალიან გაბრაზებული, შეიძლება ითქვას, გულნატკენიც იმიტომ, რომ მომზადებული იყო შვილებთან შესახვედრად“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა „ტვ პირველთან“ ციხეში შესვლამდე.
***
ირაკლი ღარიბაშვილთან პაემანი [ჩანიშნული] არც ყოფილა და შესაბამისად, არც გაუქმებულა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რითაც გამოეხმაურნენ ადვოკატის განცხადებას, რომ ციხეში მყოფ ყოფილ პრემიერს შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს.
„ირაკლი ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე- 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი და არც გაუქმებულა“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
