სემეკ-ის მოსაზრება, თუ რამ გამოიწვია 24 ივლისს სისტემაში მომხდარი ავარია

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა წარადგინა საკუთარი მოსაზრება თუ რამ გამოიწვია 24 ივლისს სისტემაში მომხდარი ავარია, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა.

სემეკ-ის სხდომიდან ამ საკითხის შესწავლის შედეგად, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული მოსაზრების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა.

„24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით.

დაახლოებით 00:10:49 საათზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა.

აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.

აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, დღეის მდგომარეობით და სსეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას.

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის.

მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი – გახლავთ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი – საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობის ნაწილში“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საათით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის ფაქტები დაფიქსირდა. აღნიშნულზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *