მთავრობაში საკადრო ცვლილებების დამადასტურებელი ბრძანებები გამოიცა. პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გამოცემული ბრძანების მიხედვით, კახაბერ გულედანმა რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.
გულედანმა ახალ პოზიციაზე ვახუშტი ბაგრატიონი ჩაანაცვლა, რომელიც თავის მხრივ პირველი მოადგილის პოსტიდან მოიხსნა და მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.
გარდა ამისა, გამოიცა ბრძანება მამუკა მდინარაძის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ცნობისთვის, აღნიშნული უწყება უქმდება.
მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დროებით დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს სამინისტრო სექტემბრიდან უქმდება და იქმნება ახალი – რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო აპარატი, რომელსაც სათავეში ასევე მამუკა მდინარაძე ჩაუდგება.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
