ნათელაშვილმა ზელენსკის წერილი გაუგზავნა – “არ დაგიმალავთ, რომ ჩვენი ხალხი გაოცებულია იმ დათბობით, რაც შეიმჩნევა თქვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაში საქართველოს არაღიარებული, არალეგიტიმური რეჟიმის მიმართ”

დღის სიახლეები პოლიტიკა

საქართველოს ლეობორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის წერილით მიმართავს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი გაოცებულია იმ დათბობით, რაც შეიმჩნევა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი. წერილი ნათელაშვილის პირად ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული.

ნათელაშვილის წერილის თანახმად, “ქართული ოცნება” აქტიურად ავრცელებს ხმებს, თითქოს ორბანის ნაცვლად ახლა უკრაინის მთავრობა გაუწევს მათ ლობირებას ევროპულ სტრუქტურებსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში, რათა მოსალოდნელ სანქციებს გადაურჩნენ, რაც დაუჯერებელია

“უკრაინის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ ვოლოდიმირ ზელენსკის

ვუდასტურებთ უკრაინელი ხალხისა და პირადად თქვენდამი ჩვენს უდიდეს პატივისცემას.

არ დაგიმალავთ, რომ კავკასიელი მინი-პუტინის — დიქტატორ-ოლიგარქ ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ ბარიკადებზე მდგომი ჩვენი ხალხი გაოცებულია იმ დათბობით, რაც შეიმჩნევა თქვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაში საქართველოს არაღიარებული, არალეგიტიმური რეჟიმის მიმართ.

თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, შემდგომ კი თქვენი განცხადებები ივანიშვილის მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ შოკისმომგვრელია. ამ დღეებში კი თქვენი პარლამენტის სპიკერის ინიციატივით ბელგრადში საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დელეგაციის მიწვევამ ყოველგვარ უსიამოვნო მოლოდინს გადააჭარბა.

თბილისის რეჟიმი ამ ფონზე აქტიურად ავრცელებს ხმებს, თითქოს ორბანის ნაცვლად ახლა უკრაინის მთავრობა გაუწევს მათ ლობირებას ევროპულ სტრუქტურებსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში, რათა მოსალოდნელ სანქციებს გადაურჩნენ, რაც ჩვენთვის დაუჯერებელია.

საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობას კიევისგან არავითარი რეალური დახმარება არ უგრძნია, თუ არ ჩავთვლით განცხადებებს. არადა, ჩვენ აქ, ყველაფერთან ერთად, შიშველი ხელებით ვებრძვით ყველა რუსი ოლიგარქის ერთობლივ, მილიარდიან ფინანსურ და სამხედრო ბაზას.

ამასთან, ჩვენ არ გვავიწყდება, როგორ გახვედით მარტო ენგურის ხიდზე, რუსეთის საოკუპაციო ზოლთან, აფხაზეთის მიმართულებით, სადაც საქართველოს რეჟიმის უმაღლესმა წარმომადგენლებმა ვერც კი გაბედეს თქვენი თანხლება.

გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს ამ დიდ ბრძოლაში” – წერს ნათელაშვილი.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *